გიორგი კალანდარიშვილი - უცხოეთში მყოფი ჩვენი თანამემამულეები შეიყვანეს შეცდომაში, თითქოს 50 ხელმოწერით დამატებითი უბნის შექმნა იყო შესაძლებელი მაშინ, როცა ჩვენი კანონმდებლობა ამას არ ითვალისწინებს
გიორგი კალანდარიშვილი - უცხოეთში მყოფი ჩვენი თანამემამულეები შეიყვანეს შეცდომაში, თითქოს 50 ხელმოწერით დამატებითი უბნის შექმნა იყო შესაძლებელი მაშინ, როცა ჩვენი კანონმდებლობა ამას არ ითვალისწინებს

ბოლო დღეების განმავლობაში საზღვარგარეთ მყოფი ამომრჩევლების საკითხი მანიპულაციურად იქნა წარმოჩენილი, მათ შორის, ზოგიერთი დაინტერესებული მხარის მხრიდან, რომ ერთგვარად შეცდომაში იქნენ შეყვანილი ჩვენი თანამემამულეები, – ამის შესახებ ცესკო-ს თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „ყველა შეკითხვა ცესკო-ს“ განაცხადა.

„საარჩევნო უბნების შექმნას აქვს ერთადერთი წინაპირობა და ეს არის არანაკლებ 50 საკონსულო აღრიცხვაზე მყოფი პირის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაცია, რომელიც ცესკო-სთვის ხდება საფუძველი და ცესკო-ს შესაბამისი წევრების მხარდაჭერა რომ არა, საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე 6 500-ზე მეტი პირი დარჩებოდა არჩევნებში მონაწილეობის გარეშე. მე მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა კოლეგას, რომელმაც მხარი დაუჭირა ამ გადაწყვეტილებას და პასუხისმგებლობით მოეკიდა პროცესს, რაც ასევე მანიპულაციურად იქნა წარმოჩენილი. მოხდა უცხოეთში მყოფი ჩვენი თანამემამულეების შეცდომაში შეყვანა, თითქოს პირადი განცხადებებით, 50 ხელმოწერით შესაძლებელი იყო დამატებითი უბნის შექმნა. მაშინ, როდესაც ჩვენი კანონმდებლობა დამატებითი უბნების შექმნას არ ითვალისწინებს და არათუ ჩვენი კანონმდებლობა არ ითვალისწინებს, არამედ ევროპის, თუ მსოფლიო მასშტაბით არის მხოლოდ ერთი-ორი იზოლირებული საგამონაკლისო შემთხვევა, სადაც ასეთი ტიპის გამონაკლისი არსებობს და ისიც გარკვეული განაწესებით, თუ კრიტერიუმებით, რომელიც დღეს ჩვენს კანონმდებლობასთან შესაბამისობაში არ არის“, – განაცხადა კალანდარიშვილმა.

მისი თქმით, მანიპულაციის საგანი გახდა ასევე საკონსულო აღრიცხვაზე მყოფ პირთა რაოდენობის საკითხიც, თითქოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ბაზაზე 128 000-ზე მეტი საკონსულო აღრიცხვაზე მყოფი პირი იძებნება და თითქოს, ცესკო 65 000-ის მოწოდებაზე საუბრობს.

„რეალურად, საგარეო საქმეთა სამინისტრომ ამაზეც გააკეთა თავისი განმარტება, რომ იქ არის 18 წლამდე მყოფი პირები და პირები, რომლებსაც როდესმე თუ ჰქონიათ საკონსულო აღრიცხვა, ასევე იმყოფებიან იმ სიაში. ამით სრულად გაეცა პასუხი ამ საკითხს, მაგრამ ზოგიერთი დაინტერესებული პირი ამ საკითხით მანიპულაციას მაინც აგრძელებს“, – განაცხადა კალანდარიშვილმა.

როგორც ცესკო-ს თავმჯდომარემ აღნიშნა, ასევე მანიპულაციურად იქნა წარმოჩენილი საკითხი, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრომ ცესკო-ს გადასცა 68 000 პირის მონაცემი და ცესკო-მ 65 508 აქტიური ამომრჩევლის სტატუსის მქონე, საკონსულო აღრიცხვაზე მყოფი პირის მონაცემების საფუძველზე შექმნა მონაცემები.

„თუ შესაბამის კალკულაციას მოვახდენთ, არის 2 516 პირი, რომელიც ამ სათვალავში არ იქნა გათვალისწინებული იმ მიზეზით, რომ მათ ვალიდური დოკუმენტები და შესაბამისად, საარჩევნო უფლება არ ჰქონდათ, რის საფუძველზეც, საბოლოო ჯამში, ცესკო-მ 42 ქვეყნის 53 ქალაქში შექმნა 60 საარჩევნო უბანი“, – განაცხადა კალანდარიშვილმა.

გიორგი კალანდარიშვილმა უცხოეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს მიმართა, რომ არჩევნებში მონაწილეობის სურვილი თუ აქვთ და ამ დრომდე არ გაუვლიათ საკონსულო აღრიცხვა, გამოცხადდნენ შესაბამის დიპლომატიურ წარმომადგენლობებში, სადაც შექმნილია საარჩევნო უბნები და არჩევნებში მონაწილეობის მიზნით მოითხოვონ შესაბამისი რეგისტრაციის პროცედურის განხორციელება, ისევე, როგორც ამავე პერიოდში მათ აქვთ შესაძლებლობა, საკონსულო აღრიცხვაზე დადგნენ.