გიორგი კალანდარიშვილი - ტექნოლოგიებთან მიმართებით არაერთი დეზინფორმაცია და სიცრუე მოვისმინეთ, თუმცა საზოგადოებამ ნახა, რომ ელექტრონულ ტექნოლოგიებს წუნი არ აქვს
გიორგი კალანდარიშვილი - ტექნოლოგიებთან მიმართებით არაერთი დეზინფორმაცია და სიცრუე მოვისმინეთ, თუმცა საზოგადოებამ ნახა, რომ ელექტრონულ ტექნოლოგიებს წუნი არ აქვს

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი პოლიტიკური პარტიების ხელმძღვანელ პირებს ხვდება. შეხვედრაზე განსახილველი საკითხი არჩევნებში ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებაა.

როგორც კალანდარიშვილმა აღნიშნა, დღევანდელი დღის წესრიგი აგებულია საარჩევნო ტექნოლოგიების ირგვლივ პოლიტიკური პარტიების ლიდერების ინფორმირებაზე.

„გრძელდება საინფორმაციო კამპანიების ციკლი, რომელსაც საარჩევნო ადმინისტრაცია ელექტრონულ სერვისებთან დაკავშირებით ახორციელებს. ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით, პოლიტიკური პარტიების ხელმძღვანელ პირებსა და ლიდერებს მივაწვდით დეტალურ ინფორმაციას ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებასთან და იმ გზასთან დაკავშირებით, რაც გაიარა ტექნოლოგიურმა განვითარებამ ჩვენს ქვეყანაში.

სპეციალურად დღევანდელი დღისთვის, ჩვენი მოწვევით, ქვეყანაში ჩამოვიდნენ აუდიტორული კომპანიის ხელმძღვანელი პირები, რომლებიც მათ გააცნობენ ასევე შესაბამისობის აუდიტის მიგნებებსა და რეკომენდაციებს ტექნოლოგიებთან მიმართებით. ასევე, ქვეყანაში იმყოფებიან საერთაშორისო კომპანია „სმარტმატიკის“ წარმომადგენლები, რომლებიც ასევე დეტალურად მიაწვდიან პოლიტიკური პარტიების ხელმძღვანელ პირებს ინფორმაციას ტექნოლოგიების გამოყენებასთან დაკავშირებით“, – განაცხადა კალანდარიშვილმა.

ცესკო-ს თავმჯდომარის თქმით, საარჩევნო ადმინისტრაცია და ქვეყანაში გამოყენებული ტექნოლოგიები პასუხობს ვენეციის კომისიისა და ევროსაბჭოს სტანდარტს.

„2018 წლიდან დღევანდელ დღემდე რვა პილოტი მცირემასშტაბიანი თუ ფართომასშტაბიანი ჩატარდა, რამაც ეტაპობრივად მოგვცა შესაძლებლობა, გავითვალისწინოთ და დავაზღვიოთ ყველა რისკი და საფრთხე, რომელიც ამ პროცესში გამოიკვეთა, მათ შორის, საერთაშორისო პრაქტიკის ანალიზის შედეგად, და რამაც მოგვცა შესაძლებლობა, ცესკო-ს შესაბამისი სამართლებრივი ბაზა, პროცედურები, ბიზნესსაქმიანობები იყოს მაქსიმალურად დაახლოებული საერთაშორისო და ევროპულ სტანდარტებთან“, – განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა.

კითხვაზე, რომ ოპოზიციის განცხადებით, ხმის ელექტრონული დათვლისას არის მანიპულაციის თეორიული შანსი, კალანდარიშვილმა აღნიშნა, რომ არაერთი დეზინფორმაცია გავრცელდა ტექნოლოგიებთან დაკავშირებით.

„არაერთი მითი, დეზინფორმაცია და სიცრუე ვნახეთ, რომლებიც ტექნოლოგიებთან მიმართებით გავრცელდა, მათ შორის, როდესაც რვა საპილოტე პროექტის შემდეგ საზოგადოებამ ნახა, რომ ამ ტექნოლოგიებს მართლაც წუნი არ აქვს და ის მნიშვნელოვნად აზღვევს იმ წუხილს, რაც საარჩევნო პროცესში, განსაკუთრებით კენჭისყრის დღეს არსებობდა. შემდგომ ტექნოლოგიების დისკრედიტაციის უკვე ახალი ტალღა ვნახეთ, სტიგმატიზებითა და რუსულ სისტემასთან აფელირებით, ასოცირებით იქნა პროპაგანდა დაწყებული. მაშინ როდესაც ამ ყველაფერს არანაირი შემხებლობა და კავშირი არ აქვს რუსულ საარჩევნო მოწესრიგებასთან და სისტემასთან. რა თქმა უნდა, ტექნოლოგიებს ყოველთვის თან სდევს დეზინფორმაცია, ისევე როგორც სხვა საკითხებს და ამის არაერთი მაგალითი ვნახეთ მას შემდეგ, რაც საკანონმდებლო ორგანოში მიღებული იქნა გადაწყვეტილება ფართომასშტაბიანი ტექნოლოგიური ინტერვენციის შესახებ, მაგრამ საარჩევნო ადმინისტრაცია თავისი გამჭვირვალე და ობიექტური საქმიანობით გააკეთებს ყველაფერს, რათა საზოგადოებისა და ამომრჩევლის ობიექტური ინფორმირება უზრუნველყოფს ამ პროცესთან მიმართებით.

ისეთი კითხვები თუ იქნება, რომლებიც საარჩევნო ადმინისტრაციის კომპეტენციას იქნება მიკუთვნებული, რა თქმა უნდა, დეტალურად მივაწვდით მათ ჩვენს ხედვასა და პოზიციას. ​ამასთან, თუ იქნება ისეთი იდეები ან საკითხები, რომლის განხილვაც არჩევნებამდე დარჩენილ პერიოდშია შესაძლებელი, ჩვენი მანდატისა და ერთობლივი ძალისხმევის ფარგლებში, საარჩევნო ადმინისტრაცია ღიაა და მხოლოდ მიესალმება ასეთ ინიციატივებსა და იდეებს“, – განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა.