გიორგი კალანდარიშვილი - თავისუფალი არჩევნების ერთ-ერთი წინაპირობაა გამჭვირვალე საქმიანობა, ინსტიტუცია სრულ ღიაობას აცხადებს, რაც შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებებით არის გამოხატული
გიორგი კალანდარიშვილი - თავისუფალი არჩევნების ერთ-ერთი წინაპირობაა გამჭვირვალე საქმიანობა, ინსტიტუცია სრულ ღიაობას აცხადებს, რაც შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებებით არის გამოხატული

ინსტიტუცია, მრავალი წელია, სრულ ღიაობას აცხადებს ინკლუზიური პროცესის უზრუნველყოფის მიზნით. ეს გამოხატულია შესაბამისი საკამონმდებლო ცვლილებებით, ღონისძიებებით, რომლებიც ევროპულ, საერთაშორისო სტანდარტებს პასუხობს, – ამის შესახებ ცესკო-ს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა განაცხადა.

კალანდარიშვილს კითხვა დაუსვეს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის, მეთიუ მილერის განცხადებაზე, სადაც მან აღნიშნა: „გვინდა, საქართველოში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები ვიხილოთ, ყურადღებით დავაკვირდებით მომდევნო დღეებს“

„სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების ერთ-ერთი წინაპირობა გახლავთ გამჭვირვალე, საჯარო საქმიანობა. ინსტიტუცია, მრავალი წელია, განსაკუთრებით ბოლო წელიწად-ნახევარია, სრულ ღიაობას აცხადებს არა მხოლოდ აქტივობებთან ხელმისაწვდომობის მიმართულებით, არამედ ინკლუზიური პროცესის უზრუნველყოფის მიზნით. ეს გამოხატულია შესაბამისი სამუშაო პლატფორმების შექმნით, საკანონმდებლო ცვლილებებით, ღონისძიებებით, რომლებიც ევროპულ, საერთაშორისო სტანდარტებს პასუხობს და ემსახურება იმას, რომ კენჭისყრის დღე საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით იყოს ადმინისტრირებული.

ამას ასევე ხაზს უსვამს ამერიკის ელჩის რამდენიმე დღის წინ გაკეთებული შეფასება საარჩევნო ადმინისტრაციის ხელმძღვანელთა და მის გუნდთან მიმართებით, ხაზს უსვამს ეუთო/ოდირის შუალედური ანგარიში, რომელიც ასევე რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნდა. ანგარიშში ხაზგასმით არის აღნიშნული ტექნიკური, პროფესიული მიმართულებით მზაობა, ინსტიტუციის გამჭვირვალობა, ღიაობა და ის ნაბიჯები, რომლებსაც ინსტიტუცია ახორციელებს, რათა პროცესი იყოს ინკლუზიური, გამჭვირვალე, ხელმისაწვდომი. ფაქტობრივად, პასუხი არის გაცემული ყველა მანიპულაციასა თუ სპეკულაციასთან მიმართებით, რომელიც გასულ წლებში კენჭისყრის დღესთან დაკავშირებით არსებობდა“, – განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა.

ამასთან, გიორგი კალანდარიშვილს ჟურნალისტმა დაუსვა კითხვა, „რატომ არ არის სტრასბურგში გახსნილი საარჩევნო უბანი, ამავდროულად, ბევრი ემიგრანტი ამბობს, რომ იყვნენ საკონსულო აღრიცხვაზე, თუმცა ცესკო-ს სიებში აღარ იძებნებიან?“ კალანდარიშვილის თქმით, მიმართავს ყველა დაინტერესებულ მხარეს, ამ საკითხთან დაკავშირებით არასწორი აღქმების ფორმირების გზით ნუ შეიყვანენ შეცდომაში ამომრჩევლებს, ჩვენს თანამემამულეებს, რომლებიც იმყოფებიან უცხოეთში, თითქოს ცესკო-ს რაიმეს გაკეთება შეეძლო და არ გააკეთა.

„მეტიც, რომ არა ცესკო-ს ზოგიერთი კომისიის წევრის შესაბამისი მხარდაჭერა, 65 000-ზე მეტი ამომრჩეველი, საკონსულო აღრიცხვაზე მყოფი პირი დარჩებოდა საარჩევნო ხმის გარეშე. ეს, მათ შორის, ჩემი მხარდაჭერით განხორციელდა. 30 000 განახლებული მონაცემია შესაბამისი უწყებების მხრიდან მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, ჩვენ მიერ საგამონაკლისოდ, დამატებით შვიდი საარჩევნო უბანი შეიქმნა, რათა შესაბამისი მომსახურება განხორციელებულიყო, კანონის ფარგლებში ინსტიტუციამ გააკეთა ყველაფერი, რისი გაკეთებაც შესაძლებელი იყო“, – განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა.