გიორგი კალანდარიშვილი - შუალედური არჩევნები შესაძლებლობას აძლევს პარტიებს, ტექნოლოგიებთან დაკავშირებით ცესკო-ს გადაწყვეტილებებს გაეცნონ და არჩევნებისთვის წელიწად-ნახევრით ადრე მოემზადონ
შუალედურ არჩევნებზე ამომრჩეველთა 91%-ს ექნება შესაძლებლობა, ისარგებლოს სერვისებით, რაც ტექნოლოგიური გადაწყვეტის ჭრილში საარჩევნო ადმინისტრაციამ მიიღო, – ამის შესახებ ცესკო-ს თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ სტუმრობისას განაცხადა.
„საუბარია ორი ტიპის აპარატის გამოყენებაზე. ერთი მხრივ, ეს არის ამომრჩეველთა ვერიფიკაციის, იმავე იდენტიფიკაციის ან რეგისტრაციის აპარატები და, მეორე მხრივ, საუბარია ხმის მიცემისა და ხმების მთვლელი აპარატების გამოყენებაზე“, – აღნიშნა კალანდარიშვილმა.
მისი თქმით, 29 აპრილის არჩევნებზე პირველად იქნება გათვალისწინებული ხმების მთვლელი აპარატების სინქრონიზება-კონსოლიდირება, რაც იმას ნიშნავს, რომ კენჭისყრის დასრულებისთანავე სინქრონიზდება ორ აპარატში მოცემული მონაცემები, რომლებიც საარჩევნო უბანზე დგას.
„მინდა, შევახსენო საზოგადოებას და, განსაკუთრებით, იმ მუნიციპალიტეტებში რეგისტრირებულ ამომრჩევლებს, სადაც არჩევნები იმართება, საუბარი არის ფოთი-ხობი-სენაკის პარლამენტის შუალედურ არჩევნებზე, გამოკლებული წევრის შევსების მიზნით; საუბარია ქუთაისის, ტყიბულის, ახალციხის, თიანეთისა და გურჯაანის საკრებულოთა შუალედურ არჩევნებზე, სადაც ამ მუნიციპალიტეტებში შესაბამის ადგილობრივ მაჟორიტარულ ოლქებში რეგისტრირებული ამომრჩევლები მიიღებენ მონაწილეობას და საუბარია ცაგერისა და თერჯოლის მერების რიგგარეშე არჩევნებზე, რომელიც მთელი მუნიციპალიტეტის მასშტაბით მოიცავს არჩევნების ჩატარებას“, – განაცხადა კალანდარიშვილმა.
ამასთან, კალანდარიშვილმა აღნიშნა, რომ ამ არჩევნებს ცესკო ერთგვარ გენერალურ რეპეტიციას უწოდებს.
„იმიტომ, რომ, გარკვეულწილად, ეს არის ნაწილი 2024 წლის არჩევნებისთვის და, ფაქტობრივად, წელიწად-ნახევრით ადრე, როგორც უბნების გამსხვილებით, ასევე ჩვენ მიერ იდენტიფიცირებული ყველა პროექტის ფარგლებში ეს შესაძლებლობას აძლევს ყველა ჩართულ მხარეს, მათ შორის, ცესკო-ს გადაწყვეტილებები, რომლებიც ტექნოლოგიებთან დაკავშირებით ბოლო პერიოდის განმავლობაში მივიღეთ, წინასწარ იყოს ცნობილი პოლიტიკური პარტიებისთვის და არჩევნებით დაინტერესებული მხარეებისთვის, რათა წელიწად-ნახევრით ადრე დაიგეგმონ და მოემზადონ არჩევნებისთვის. უკვე იდენტიფიცირებულია უბნის საზღვრები და ეს ყველაფერი დადგენილია, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა ყველა ჩართული მხარისთვის“, – განაცხადა კალანდარიშვილმა.
როგორც კალანდარიშვილმა აღნიშნა, ცესკო ფართომასშტაბიან, ინტენსიურ საინფორმაციო კამპანიას აწარმოებს და ორგანიზაცია შეეცადა, თითქმის კარდაკარის პრინციპის საფუძველზე მიეტანა ხმა ყველა ამომრჩეველთან, ვისაც ამ არჩევნებში მონაწილეობა ეხება.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, როგორ უნდა მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა იმ ადამიანებმა, ვისაც ელექტრონული ID-ბარათები და პასპორტი არ აქვთ, გიორგი კალანდარიშვილმა განაცხადა, რომ, საკანონმდებლო ჩანაწერიდან გამომდინარე, თუ 2024 წლის არჩევნებამდე რაიმე შუალედური ან რიგგარეშე არჩევნები გაიმართება, არის როგორც ელექტრონული ID-ბარათების და პასპორტების, ასევე ე.წ. ლამინირებული ID-ბარათების გამოყენების შესაძლებლობა.
ცესკო-ს თავმჯდომარემ ასევე განაცხადა, რომ, როგორც განვლილმა პილოტებმა აჩვენა, უკვე შესაძლებელია, არჩევნების წინასწარი შედეგები კენჭისყრის დასრულებიდან ერთიდან სამი საათის განმავლობაში გახდეს ცნობილი და ეს დრო კიდევ შემცირდება.
ამასთან, კალანდარიშვილმა აღნიშნა, რომ შუალედურ არჩევნებზე სოლიდური რაოდენობის ადგილობრივი თუ საერთაშორისო დამკვირვებელია რეგისტრირებული, რაც საარჩევნო გარემოს გასაუმჯობესებლად მნიშვნელოვანია.