გიორგი კალანდარიშვილი - საზღვარგარეთ საარჩევნო უბნების ორგანიზება მანიპულაციურად წარმოჩინდა, რამაც არაერთი მითის თუ დეზინფორმაციის ფორმირება გამოიწვია
საზღვარგარეთ საარჩევნო უბნების ორგანიზება მანიპულაციურად იქნა წარმოჩენილი, რამაც გამოიწვია არაერთი მითის თუ დეზინფორმაციის ფორმირება, – ამის შესახებ ცესკო-ს თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „ყველა შეკითხვა ცესკო-ს“ განაცხადა.
„პირი საკონსულო აღრიცხვაზე თუ არ იმყოფება, მას შემდეგ, რაც კონკრეტულ ლოკაციებზე საარჩევნო უბნები შეიქმნება, უნდა გამოცხადდეს საარჩევნო უბანზე, დაწეროს განცხადება საარჩევნო რეგისტრაციაში გატარების მიზნით და კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს თუ აკმაყოფილებს, ექნება შესაძლებლობა, არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს. ამ შემთხვევაში აუცილებელია პირის ფიზიკურად გამოცხადება, რათა მოხდეს მისი ვერიფიცირება-დადასტურება, რომ ის ნამდვილად იმყოფება იმ კონკრეტულ ქვეყანაში, შესაბამის წარმომადგენლობაში და მხოლოდ ამის შემდეგ ხდება სათანადო პროცედურების განხორციელება“, – აღნიშნა კალანდარიშვილმა.
მისივე თქმით, უცხოეთში საარჩევნო უბნები არაუგვიანეს 26 სექტემბერს შეიქმნება და რეგისტრაცია მეორე დღიდან 7 ოქტომბრის ჩათვლით იქნება შესაძლებელი.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, აქვს თუ არა მნიშვნელობა, ადამიანი კონკრეტულ ქვეყანაში ლეგალურად იმყოფება თუ არალეგალურად, გიორგი კალანდარიშვილმა განაცხადა, რომ ასეთი შემთხვევები ცესკო-ს კომპეტენციაში არ შედის და ამაზე საუბარი მისი ინსტიტუციის მხრიდან უხერხულია, თუმცა 16-წლიანი საქმიანობის პრაქტიკაში არ ახსოვს შემთხვევა, რომ ამას პირის დეპორტაცია ან სხვა სამართლებრივი რეაგირება მოჰყოლოდა.
ცესკო-ს თავმჯდომარემ ასევე აღნიშნა, რომ საარჩევნო უბნების გახსნა შესაძლებელია მხოლოდ საკონსულოებსა და საელჩოებში, რაც მსოფლიო პრაქტიკაა.
„გამონაკლისი არის მხოლოდ ერთეული შემთხვევები, როდესაც უცხოეთში საარჩევნო უბნები იქმნება დიპლომატიური წარმომადგენლობის მიღმა. მაგალითად, ევროპის მასშტაბით ასეთი მხოლოდ ერთი ქვეყანაა, რომელსაც გარკვეული დამატებითი დათქმები აქვს, რათა ეს დამატებითი საარჩევნო უბნები გახსნას. ანუ, ქვეყანა თუ ხსნის საარჩევნო უბანს უცხოეთში, ის ძირითადად იხსნება დიპლომატიურ წარმომადგენლობებში. ეს ასეა ჩვენი კანონმდებლობით და ეს არის მრავალი ევროპული თუ არაევროპული ქვეყნების გამოცდილება მსოფლიო მასშტაბით. რატომ? ძირითადი ასპექტი მდგომარეობს იმაში, რომ დიპლომატიური წარმომადგენლობა, საელჩოს, საკონსულოს განთავსების ადგილი შენი ქვეყნის ტერიტორიას წარმოადგენს, არჩევნები პოლიტიკური პროცესია და ცხადია, ქვეყანა ამ პროცესის ჩატარების შესაძლებლობას გაძლევს მხოლოდ შენი ქვეყნის ტერიტორიაზე“, – განაცხადა კალანდარიშვილმა.
ამასთან, კალანდარიშვილმა აღნიშნა, რომ გერმანია, კანადა, ისრაელი, ირლანდია, სლოვაკეთი, სომხეთი და ბევრი სხვა ქვეყანა უცხოეთში საარჩევნო უბნებს საერთოდ არ ქმნის და არის შემთხვევები, როდესაც უცხოეთში არჩევნებში მონაწილეობა გარკვეული დათქმებით არის შესაძლებელი.
„ეს უკავშირდება ცხოვრების ცენზს. კერძოდ, თუ პირი უცხოეთში სამ წელზე მეტი ან ხუთ წელზე მეტი ვადით იმყოფება, მას არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა არ აქვს. არის ასევე ხმის მიცემის ალტერნატიული შესაძლებლობები, თუმცა რიგ შემთხვევებში ამას კანონმდებლობა კეტავს. ჩვენ სხვადასხვა ფორმატში გვქონდა განხილვები. მაგალითად, ხმის მიცემა არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე რომ განხორციელდეს, ჩვენი კონსტიტუცია ცალსახად საუბრობს, რომ არჩევნები იმართება იმ კონკრეტულ დღეს. აქედან გამომდინარე, კონსტიტუცია ამას კეტავს. არის კიდევ სხვა ალტერნატიული შესაძლებლობა, მაგალითად, ინტერნეტის ხმის მიცემა, მაგრამ ამ შემთხვევაში, ჩვენთან იყო შეთანხმება, რომ ინტერნეტის გამოყენებას ქვეყნის შიგნით არ ჰქონოდა ადგილი და ბუნებრივია, თუ ქვეყნის შიგნით არის გარკვეული კიბერსაფრთხეების მოლოდინები, ცხადია, იმ რამდენიმე ათეულ ქვეყანაში, სადაც თეორიულად შეიძლება, საარჩევნო უბანი გაიხსნას, განვლილ პრაქტიკას რომ შევხედოთ, ასეთი ტიპის რისკების უფრო მეტი ალბათობაა“, – განაცხადა კალანდარიშვილმა.