გიორგი კალანდარიშვილი - საოლქო საარჩევნო კომისიებს სხდომების ჩატარება და საჩივრების განხილვა ზეწოლის ფონზე უწევთ
საოლქო საარჩევნო კომისიებს სხდომების ჩატარება და საჩივრების განხილვა ზეწოლის ფონზე უწევთ, – ამის შესახებ ცესკო-ს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსმა, გიორგი კალანდარიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, რიგ შემთხვევებში ადგილი აქვს არაუფლებამოსილი პირების მიერ სხდომებზე შეჭრის მცდელობას.
„მიუხედავად იმისა, რომ არჩევნებში ჩართულმა ყველა მხარემ, მათ შორის პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმა, მაჟორიტარობის კანდიდატებმა, იციან, სამართლებრივად ვინ არის საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომაზე დასწრების მქონე უფლებამოსილი პირი, ისინი კომისიებისგან მოითხოვენ კანონის დარღვევას და არაუფლებამოსილი პირების დაშვებას სხდომებზე. ამასთან მათ ყველას ჰყავთ საკუთარი წარმომადგენელი, რომელიც უფლებამოსილია, დაესწროს სხდომას. მიუხედავად აღნიშნულისა, ავრცელებენ არასწორ ინფორმაციას, მიზანმიმართულად ცდილობენ პროცესის ჩაშლას, საარჩევნო ადმინისტრაციისა და ზოგადად სარჩევნო პროცესის დისკრედიტაციას.
საარჩევნო კანონმდებლობის შესაბამისად, კომისიის სხდომაზე დასწრების უფლება აქვთ აკრედიტებულ მედიის წარმომადგენლებს, საარჩევნო სუბიექტის თითო წარმომადგენელს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში, ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციის თითო დამკვირვებელს და ცესკო-ში რეგისტრირებული საერთაშორისო ორგანიზაციის არაუმეტეს ორ დამკვირვებელს თარჯიმანთან ერთად“, – განმარტა კალანდარიშვილმა.
მისივე განცხადებით, ადგილი ჰქონდა არაუფლებამოსილი პირების მიერ საჩივრების წარდგენასაც, რის გამოც კომისიებს არ ჰქონდათ მათი განხილვის კანონიერი საფუძვლები.
„რაც შეეხება საჩივრებს, მიუხედავად იმისა, რომ ჩართული მხარეებისთვის კარგად არის ცნობილი საჩივრის წარდგენის წესი და ასევე პირთა წრეც განსაზღვრულია საარჩევნო კანონმდებლობით, საჩივრების ნაწილი უფლებამოსილი პირების მიერ არ იყო წარდგენილი, შესაბამისად, კანონმდებლობის თანახმად, საოლქო საარჩევნო კომისიებს არ ჰქონდათ მათი განხილვის კანონიერი საფუძვლები. თუმცაღა საოლქო საარჩევნო კომისიებმა რიგ შემთხვევებში, საკუთარი ინიციატივით მოახდინეს შესაბამისი რეაგირება საჩივრებში მითითებულ საკითხებთან დაკავშირებით.
მივმართავთ არჩევნებში ჩართულ ყველა მხარეს, აქტიურად დააკვირდნენ საოლქო საარჩევნო კომისიებთან და უშუალოდ სხდომებზე მიმდინარე მოვლენებს და ობიექტურად შეაფასონ მიმდინარე პროცესები, რაც აგვარიდებს დაუზუსტებელი, საარჩევნო პროცესის დამაზიანებელი ინფორმაციის გავრცელება საზოგადოებაში“, – განაცხადა კალანდარიშვილმა.