გიორგი კალანდარიშვილი - საერთაშორისო სტანდარტები და კარგი პრაქტიკა ითვალისწინებს იმას, რომ სადამკვირვებლო მისიები განხორციელდეს ობიექტურად, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად
საერთაშორისო სტანდარტები და კარგი პრაქტიკა ითვალისწინებს იმას, რომ სადამკვირვებლო მისიები განხორციელდეს ობიექტურად, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, – განაცხადა ცესკო-ს თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „ყველა შეკითხვა ცესკო-ს“.
„როდესაც საერთაშორისო სტანდარტებზე ვსაუბრობთ, უნდა გამოვყოთ პრინციპები – ობიექტურობა, ნეიტრალიტეტი და მიუკერძოებლობა. როგორც საარჩევნო ადმინისტრაციას მოეთხოვება ეს ამბავი, ასევე მოეთხოვებათ მათაც“, – განაცხადა კალანდარიშვილმა.
კალანდარიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ საერთაშორისო კარგი პრაქტიკით, მიღებული ინფორმაციის გადამოწმება-ვერიფიცირება უნდა მოხდეს ყველა სხვა შესაბამის პირთან, მხოლოდ ამ გადამოწმებული ინფორმაციის საფუძველზე მოხდეს ანალიზის გაკეთება და შესაბამისი დასკვნების გამოტანა.
„ეს არის ძალიან ფუნდამენტური და მნიშვნელოვანი. ორგანიზაციების დასახელებისგან თავს შევიკავებ, მაგრამ ჩვენ გვინახავს საჯაროდ ცნობილი არაერთი დასკვნა, რაზეც ასევე ეუთო/ოდირი თავის დასკვნებში საუბრობს, იმიტომ, რომ დასკვნები იყო მიკერძოებული, უფრო სწორად, ორგანიზაციები იყვნენ აფილირებული და ა.შ. მათ შორის, ამოგვიკითხავს ინფორმაციები და ის ინფორმაცია ჩვენთან, ჩვენს ინსტიტუციაში რომ გადამოწმებულიყო, აუცილებლად სხვაგვარად მოხვდებოდა იმ ანგარიშებში. როდესაც ასეთი ტიპის შეფასებები გაქვს იდენტიფიცირებული, ცხადია, შესაძლოა, კითხვებიც გიჩნდებოდეს იმ ორგანიზაციის ობიექტურობასთან მიმართებაში“, – განაცხადა კალანდარიშვილმა.
მისივე თქმით, დაკვირვებას არჩევნების მთლიანობის კომპონენტში აქვს ძალიან მნიშვნელოვანი ადგილი, ამ მნიშვნელობას სახელმწიფო და შესაბამისად, უწყება იზიარებს და ამის დასტურია ის, რომ ქვეყანაში ხორციელდება სადამკვირვებლო მისიების მოწვევა, რათა ისინი დააკვირდნენ, შეაფასონ, თავიანთი დასკვნები წარმოადგინონ, რეკომენდაციები გასცენ, ან მიგნებები წარმოადგინონ ასეთის არსებობის შემთხვევაში.
ცესკო-ს თავმჯდომარემ კომისიის წევრების ვალდებულებებსა და უფლებამოსილებებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ კომისიის წევრი უნდა გამოდიოდეს ინსტიტუციის ინტერესებიდან და არა მისი დამნიშნავი პოლიტიკური გაერთიანებების ინტერესებიდან.
„ხშირად არის ხოლმე მანიპულაციურად წარმოჩენილი, თითქოს ე.წ. პროფესიული წევრები ნეიტრალური უნდა იყვნენ, მაგრამ სინამდვილეში, კომისიის საქმიანობაში ნეიტრალური უნდა იყოს კომისიის 17-ვე წევრი, როგორც საუბნოს, ისე საოლქოს და ცენტრალურ დონეზე, თუმცა ხშირ შემთხვევაში, არის იზოლირებული შემთხვევები, როდესაც პარტიების მიერ დანიშნული წევრები მიკერძოებულად, თავიანთი პოლიტიკური დღის წესრიგიდან, პარტიული ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებენ, ნაცვლად იმისა, რომ კომისიის ინტერესებიდან გამოდიოდნენ. კომისიის წევრს, რა თქმა უნდა, აქვს თავისი ფუნქცია, მაგრამ პარალელურად, ის გარკვეულწილად, მონიტორინგსაც ახორციელებს პროცესზე“, – განაცხადა კალანდარიშვილმა.
ამასთან, კალანდარიშვილმა აღნიშნა, რომ დამკვირვებელს, ისევე, როგორც ნებისმიერ სხვა პირს, კომისიის საქმიანობაში ჩარევის უფლებამოსილება არ აქვს, ის უნდა აკვირდებოდეს პროცესს, ასახავდეს შესაბამის მიგნებებს თავის ანგარიშში და დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში ახორციელებდეს შესაბამის რეაგირებას.
„საუბარია იმაზე, რომ მან ზეპირსიტყვიერი მითითებით მოითხოვოს კონკრეტული მოქმედების, თუ უმოქმედობის გამოსწორება. ასეთის არარსებობის შემთხვევაში არ არის აუცილებელი, საჩივარი დაიწეროს, მაგრამ თუ არ იქნება სათანადო რეაგირება, განცხადება-საჩივრითაც მიმართოს კომისიას და მოითხოვოს სათანადო რეაგირების განხორციელება“, – განაცხადა კალანდარიშვილმა.
მისივე თქმით, მედია ამ უფლებით არ გამოირჩევა და როგორც საარჩევნო უბანზე, ისე მის გარეთ, აკრედიტებული მედია საშუალებების როლი არის გაშუქება, რომ საზოგადოებას მიაწოდონ როგორც კენჭისყრის დღესთან, ასევე წინასაარჩევნო პროცესთან მიმართებაში ობიექტური ინფორმაცია და საერთაშორისო დამკვირვებლებიც იდენტური ფუნქციებით არიან აღჭურვილი.
ცესკო-ს თავმჯდომარემ სტატისტიკა წარმოადგინა და თქვა, რომ დღეის მდგომარეობით, რეგისტრირებულია 58 ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაცია 1223 დამკვირვებლით, 43 საერთაშორისო დამკვირვებელი ორგანიზაცია 216 დამკვირვებლით, 44 მედია ორგანიზაცია 643 წარმომადგენლით და 19 პარტიის 2799 წარმომადგენელი, რაც ამ ეტაპისთვის საკმაოდ სოლიდური რაოდენობაა, თუმცა პრაქტიკის მიხედვით, ძირითადად, ბოლო პერიოდში ხდება ხოლმე მიმართვიანობა.