გიორგი კალანდარიშვილი „საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის“ წარმომადგენლებს შეხვდა
ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი და მისი მოადგილე გიორგი შარაბიძე „საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის“ (IRI) სადამკვირვებლო მისიის დირექტორს, შონ დანს და მისიის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
გიორგი კალანდარიშვილმა 26 ოქტომბრის არჩევნებსა და მასთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან საკითხებზე დეტალურად ისაუბრა. მან შეხვედრის მონაწილეებს საარჩევნო ადმინისტრაციის პოზიცია გააცნო ინსტიტუციის წინააღმდეგ გამოთქმულ ბრალდებებსა და დეზინფორმაციულ კამპანიებზე, საარჩევნო დავებსა და სასამართლო განხილვებზე. ასევე ისაუბრა ამერიკული კომპანია „PRO V&V“-ს მიერ გამოქვეყნებული აუდიტის მესამე, საბოლოო ეტაპის დასკვნაზე და მიგნებებზე. როგორც კალანდარიშვილმა აღნიშნა, საარჩევნო ადმინისტრაცია მუდმივად ეცნობა საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ წარმოდგენილ ანგარიშებს და ცდილობს აღნიშნული რეკომენდაციები საარჩევნო პროცესის ადმინისტრირებისას გაითვალისწინოს.
თავის მხრივ, საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა გიორგი კალანდარიშვილს 26 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრებები გაუზიარეს.
სადამკვირვებლო მისია 26 ოქტომბრის არჩევნებს წინასაარჩევნო პერიოდიდანვე აკვირდებოდა, შესაბამისად, სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებმა არჩევნების წინასწარ ანგარიშზე, არსებული მიგნებებისა და რეკომენდაციების შესახებ ვრცლად ისაუბრეს. გიორგი კალანდარიშვილმა ორგანიზაციის წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა 26 ოქტომბრის არჩევნებზე დაკვირვებისთვის და თავიანთი მიგნებების გაზიარებისთვის. მხარეებმა ასევე ისაუბრეს რეკომენდაციებსა და მათი შესაძლო გათვალისწინების გზებზე უწყების კომპეტენციის ფარგლებში. ცესკო-ში გამართულ შეხვედრას სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები დენიელ კერეკესი, მაია მილიკიჩი და ელენე ასაშვილი ესწრებოდნენ.
ინფორმაციას ცესკო-ს პრესსამსახური ავრცელებს.