გიორგი კალანდარიშვილი - საარჩევნო პროცესისთვის ჩვენთან შექმნილია ისეთი მოდელი, რომელიც დაცულია კიბერსაფრთხეებისგან
ჩვენი საინფორმაციო კამპანიები კიდევ გაგრძელდება და სხვადასხვა აქტივობის სახით იქნება წარმოდგენილი, – განაცხადა ცესკო-ს თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „ყველა შეკითხვა ცესკო-ს“.
„რა თქმა უნდა, იმის ილუზია და მოლოდინი არავის აქვს, რომ ამ ინფორმაციას სამ მილიონ-ნახევრამდე ამომრჩეველთან მივიტანთ. ამის მოლოდინი არც ჩართულ მხარეებს არ აქვთ, მაგრამ ამ შემთხვევაში რისკებზე, რომელიც უკავშირდება ინფორმაციის არარსებობას, გათვალისწინებული გვაქვს მთელი რიგი პრევენციული მექანიზმები. თუ, მაგალითად, ამომრჩეველმა არ უყურა ტელევიზიას, არ მოუსმინა რადიოს, არ იყენებს სოციალურ ქსელებს, არ მოხვდა არცერთ ჩვენს საჯარო შეხვედრაში, არჩევნების პერიოდში დარიგდება სპეციალური ბროშურები და თუ, ვთქვათ, სახლში ვერ იქნა, რომ მივაწოდოთ, გადავცეთ და ასე შემდეგ, თუ ვთქვათ ვერ ან არ გაეცნო კენჭისყრის შენობაში შესვლისას პოსტერს, რომელზეც ინსტრუქცია დეტალურად იქნება წარმოდგენილი, ასეთ შემთხვევაში ამომრჩეველს არ გადაეცემა ბიულეტენი, ვიდრე არ მოახდენს სატესტო წრის გაფერადებას. რისკის მართვის მიზნით, ბიულეტენზე საწყის ნაწილში დავიტანეთ ინსტრუქცია და საცდელი წრე, რომლის გაფერადების გარეშე ამომრჩეველს არ გადაეცემა ბიულეტენი. ეს ნიშნავს იმას, რომ იქვე, უშუალოდ პროცესში, ამომრჩეველი თავად მოახდენს შესაბამისი წრის გაფერადებას. საუბარია სატესტო წრეზე, რის შემდგომაც მას გადაეცემა ბიულეტენი, ჩარჩოფორმა და მიბრძანდება საარჩევნო კაბინაში, სადაც ის ფარულობის სრული დაცვით უზრუნველყოფს მისთვის სასურველი სუბიექტის წინ არსებული წრის გაფერადებას“, – განაცხადა კალანდარიშვილმა.
მისი თქმით, ამომრჩეველთა 10%, რომელიც არჩევნებში ტრადიციული წესით მიიღებს მონაწილეობას, არცერთ შემთხვევაში არ უნდა იქნეს ჩრდილში დაყენებული, რადგან, რეალურად, სრულად ტრადიციული წესით ჩატარების პირობებშიც უამრავი მექანიზმი არსებობს თეორიული რისკების გადასაზღვევად, რაც თავიდან გვაცილებს მანიპულაციებს.
„გარდა ამისა, ამ პროცესს ადმინისტრირებას უწევს კომისიის 17 წევრი, საიდანაც რვა არის პროფესიული ნიშნით არჩეული, ხოლო ცხრა არის შესაბამისი უფლებამოსილი პარტიების მიერ დანიშნული. ხშირ შემთხვევაში, სამწუხაროდ, მხოლოდ თავმჯდომარეზე ხდება ხოლმე ისრების გადატანა, მაშინ როდესაც 17 წევრისგან შედგება ყველა დონის კომისია, საუბნო, საოლქო და ცენტრალური. ეს ნიშნავს იმას, რომ კომისიებში არის მაღალი პოლიტიკური წარმომადგენლობა და პროცესი არის ინკლუზიური. იმიტომ, რომ 9 წევრი არის შესაბამისი პარტიების მიერ დანიშნული, საიდანაც ერთი წარმოადგენს მმართველ პარტიას, ხოლო 8 დანარჩენ პოლიტიკურ გაერთიანებებს“, – განაცხადა კალანდარიშვილმა.
გიორგი კალანდარიშვილმა ასევე განაცხადა, რომ კენჭისყრის დღეს ამომრჩეველს საარჩევნო კომისიები სათანადო დონეზე მომზადებული დახვდება.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რა იყო პროცესში ტექნოლოგიების შემოტანის მთავარი ამოცანა, თუ პრობლემების დაზღვევა ხმის მიცემის ტრადიციულ პროცესშიც იყო შესაძლებელი იყო, გიორგი კალანდარიშვილმა უპასუხა, რომ ტექნოლოგიების შემოტანის მთავარი ამოცანა იყო პროცესის კიდევ უფრო გადაზღვევა თეორიული მანიპულაციებისგან.
ცესკო-ს თავმჯდომარემ ასევე აღნიშნა, რომ საქართველოში დაინერგა კომბინირებული მოდელი.
„რაღაც აშშ-დან არის აღებული, რაღაც ბელგიიდან, რაღაც ალბანეთიდან, კანადიდან და რაღაც სხვა ქვეყნებიდან. ჩვენთან შექმნილია ისეთი მოდელი, რომელიც დაცულია კიბერსაფრთხეებიდან. იმიტომ, რომ არ ხდება ინტერნეტის გამოყენება, მოწყვლადობა კიბერსაფრთხეებთან მიმართებაში, ფაქტობრივად, არ არსებობს და ნულის ტოლია. გარე ქსელთან, ინტერნეტთან არ არის დაკავშირებული არც ვერიფიკაციის აპარატი და არც ხმის მთვლელი აპარატი. ერთადერთი, სადაც ინტერნეტის კომპონენტი იქნება გამოყენებული, ეს არის შედეგების გადაცემა პლანშეტებში, რაც არის აბსოლუტურად იზოლირებული პროცესი“, – განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა.