გიორგი კალანდარიშვილი - საარჩევნო ადმინისტრაციის მხრიდან ყველა რეკომენდაცია იქნება გაცემული, რომ საკითხების მაქსიმალურად სიღრმისეული შესწავლა მოხდეს
ადმინისტრაციამ არ დაიშურა ძალისხმევა, რომ ეს არჩევნები ჩატარებულიყო თავისუფალ და ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემოში. ვფიქრობ, ეს არჩევნები ამ თვალსაზრისით განხორციელდა, მიუხედავად იმისა, რომ იყო ხარვეზები, გადაცდომებიც. საჩივრები განიხილება შესაბამის ვადებში, – ამის შესახებ ცესკო-ს თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ყველა ხარვეზზე იქნება ადეკვატური და შესაბამისი რეაგირება.
„ასევე, მინდა აღვნიშნო, რომ გუშინ არაერთი დეზინფორმაციის ფაქტი ვნახეთ, როდესაც ხდებოდა სხვადასხვა ჩართული მხარეების მხრიდან არასწორი ინფორმაციის გავრცელება, რომელიც მნიშვნელოვნად აზიანებს საარჩევნო პროცესს. ჩვენ რიგ შემთხვევებთან დაკავშირებით გვქონდა შესაბამისი რეაგირება, რომ საზოგადოების ინფორმირება მოგვეხდინა სწორი გადამოწმებული და ობიექტური ინფორმაციით. ბათილი ბიულეტენებს რაც შეეხება, დღის განმავლობაში შევისწავლთ, არ ვფიქრობ, რომ გადაჭარბებულ შემთხვევებთან გვაქვს საქმე, თუმცა გავეცნობით, მოვახდენთ ანალიზს და ამის შესახებ დაზუსტებულ ინფორმაციას მოგახსენებთ.
რაც შეეხება კონკრეტულ გადაწყვეტილებებს კონკრეტული ბიულეტინის ბათილად მიჩნევა-არ მიჩნევაზე, ეს არის საუბნო საარჩევნო კომისიის კომისიური გადაწყვეტილების საკითხი, კომისიამ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება კონკრეტული ბიულეტინის ბათილად მიჩნევა-არმიჩნევის თაობაზე. შესაბამისად, თუ იარსებებს ისეთი შემთხვევები, სადაც არსებობს დადასტურებული შემთხვევა, რომ კომისიამ არასწორად გააკეთა, ბუნებრივია, არსებობს შესაბამისი სამართლებრივი გზები, რომ მოხდეს შესაბამისი რეაგირება ზემდგომი კომისიების მხრიდან. აქედან გამომდინარე, ყველა დაინტერესებულ პირს, რომელსაც ამ პროცესთან მიმართებაში გააჩნია კითხვის ნიშნები, შეუძლია, ისარგებლოს შესაბამისი სამართლებრივი გზებით. ადმინისტრაციის მხრიდან იქნება ყველა რეკომენდაცია გაცემული, რომ მაქსიმალურად მოხდეს საკითხების სიღრმისეული შესწავლა და გადაწყვეტილების მიღება“, – განაცხადა კალანდარიშვილმა.