გიორგი კალანდარიშვილი - საარჩევნო ადმინისტრაცია მიესალმება ქვეყანაში ნეიტრალური, ობიექტური და ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების სადამკვირვებლო მისიებს
საარჩევნო ადმინისტრაცია მხოლოდ და მხოლოდ მიესალმება ნეიტრალური, ობიექტური და ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების სადამკვირვებლო მისიებით ქვეყანაში ჩამობრძანებას, – ამის შესახებ ცესკო-ს თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა განაცხადა.
კალანდარიშვილის თქმით, ცესკო მზადყოფნას გამოთქვამს, სადამკვირვებლო მისიები უზრუნველყოს ნებისმიერი საჭირო ინფორმაციით.
„ჩვენ არაერთხელ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთანაც დაგვიფიქსირებია საარჩევნო ადმინისტრაციის სრული მზაობა და მიმღებლობა მათ ჩამოსვლასთან დაკავშირებით. აღსანიშნავია ის, რომ თანამშრომლობის ნებისმიერ ეტაპზე საარჩევნო ადმინისტრაცია უზრუნველყოფს ყველანაირი კონსტრუქციული თანამშრომლობის ფარგლებში სადამკვირვებლო მისიების ობიექტური და გადამოწმებული ინფორმაციით უზრუნველყოფას, ისევე როგორც ნებისმიერ ფორმატში თანამშრომლობის მჭიდრო კავშირების უზრუნველყოფას. დემოკრატიული არჩევნების ჩატარების ერთ-ერთი და, ზოგადად, არჩევნების მთლიანობის ერთ-ერთი კარგი ინდიკატორი არის ასეთი მექანიზმების გამოყენება, რომელსაც, თავის მხრივ, რიგ საკითხებთან დაკავშირებით გარკვეული პრევენციული მექანიზმი გააჩნია, ხოლო რიგ საკითხებთან დაკავშირებით კი უზრუნველყოფს საზოგადოების მაღალ ნდობას არჩევნების პროცესთან მიმართებაში და, რა თქმა უნდა, დემოკრატიული ინსტიტუციების გაძლიერებას“, – განაცხადა კალანდარიშვილმა.
არჩევნებზე დამკვირვებელთა მოწვევის მიზნით, საქართველოს საგარეო უწყებამ ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისს წერილით მიმართა.