გიორგი კალანდარიშვილი - საარჩევნო ადმინისტრაცია მეორე ტურისთვის მზადაა, საარჩევნო უბნებზე მისულ ამომრჩევლებს კოვიდუსაფრთხო გარემო დახვდებათ
გიორგი კალანდარიშვილი - საარჩევნო ადმინისტრაცია მეორე ტურისთვის მზადაა, საარჩევნო უბნებზე მისულ ამომრჩევლებს კოვიდუსაფრთხო გარემო დახვდებათ

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ აპარატის თანამშრომლებთან ერთად ბრიფინგი გამართა. გიორგი კალანდარიშვილმა ამომრჩევლებს მიმართა და არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდა.

ცესკო-ს თავმჯდომარის თქმით, საარჩევნო ადმინისტრაცია 30 ოქტომბერს არჩევნების მეორე ტურისთვის მზადაა.

„30 ოქტომბერს მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნების მეორე ტური გაიმართება. საარჩევნო ადმინისტრაცია მზად არის არჩევნების მეორე ტურის პროფესიულ, ყველასთვის ხელმისაწვდომ და ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოში ჩასატარებლად. 2 ოქტომბრის არჩევნები იყო კარგად და პროფესიულ დონეზე ორგანიზებული, დაცული იყო კოვიდრეგულაციები და კენჭისყრის დღემ მშვიდ, კონკურენტულ და გამჭვირვალე გარემოში ჩაიარა. ეს ის შეფასებებია, რომელიც არჩევნების დასრულებისთანავე გამოითქვა საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიერ. მინდა დიდი მადლობა გადავუხადო მათ პროცესში ჩართულობისა და დაკვირვებისთვის. მათი როლი და შეფასება საარჩევნო ადმინისტრაციისთვის და საარჩევნო პროცესისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. საარჩევნო ადმინისტრაციამ ასევე პროფესიულ დონეზე წარმართა და დაასრულა არჩევნების შეჯამების პროცესი. შესაბამისად, დღეს კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო საარჩევნო ადმინისტრაციის ყველა თანამშრომელს, საოლქო საარჩევნო კომისიებს, საუბნო საარჩევნო კომისიების 63 ათასზე მეტ წევრს. მათ თავდაუზოგავად იშრომეს 2 ოქტომბრის არჩევნების მაღალ დონეზე ორგანიზებისთვის. ახლა კი წინ მეორე ტურია“, – განაცხადა კალანდარიშვილმა.

გიორგი კალანდარიშვილმა საოლქო და საუბნო კომისიის წევრებს მიმართა, არ დაიშურონ ძალისხმევა, რომ მაღალი პასუხისმგებლობით ჩატარდეს არჩევნების მეორე ტური.

„საარჩევნო ადმინისტრაცია, 40 საოლქო საარჩევნო კომისია და დაახლოებით 1 870 საუბნო საარჩევნო კომისია აგრძელებს მუშაობას არჩევნების მეორე ტურის ასევე მაღალი სტანდარტის შესაბამისად ჩასატარებლად. მინდა მივმართო საოლქო და საუბნო კომისიის წევრებს, მიუხედავად იმისა, პროფესიული ნიშნით არიან არჩეულები, თუ პარტიის მიერ არიან დანიშნულები, არ დაიშუროთ ძალისხმევა და მაღალი პასუხისმგებლობით ჩავატაროთ არჩევნების მეორე ტური. ჩვენ ერთად ვატარებთ არჩევნებს. კარგად ჩატარებული არჩევნები – სწორედ ეს არის დემოკრატიის ხარისხის მაჩვენებელი ქვეყანაში, რომელშიც საარჩევნო ადმინისტრაციის ყველა თანამშრომელი, ყველა საარჩევნო ადმინისტრატორი, თანაბრად მონაწილეობს და ყველა მათგანის როლი თანაბრად მნიშვნელოვანია. სწორედ მათ ხედავთ ახლა ჩემ გვერდით. ეს არის ის არასრული შემადგენლობა საარჩევნო ადმინისტრატორებისა, რომლებიც ემსახურებიან საზოგადოებას, ამომრჩევლებს და ქართულ დემოკრატიას. ჩვენი გუნდი შრომობს და ყველაფერს გააკეთებს, რომ თითოეულმა ამომრჩეველმა გამოიყენოს მისი კონსტიტუციური უფლება, ხმა მისცეს თავისუფალ და გამჭვირვალე გარემოში. მინდა მივმართო მათ, მოვიდნენ არჩევნებზე და იყვნენ დარწმუნებული, რომ ჩვენი, ცენტრალური თუ ადგილობრივი საარჩევნო კომისიების ძალისხმევით, მათ ექნებათ უსაფრთხო არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა“, – განაცხადა კალანდარიშვილმა.