საარჩევნო ადმინისტრაცია მასპინძლობს მეთერთმეტე საერთაშორისო კონფერენციას, რომელიც დეზინფორმაციასთან ბრძოლის საკითხებსაც ეხება
საარჩევნო ადმინისტრაცია მასპინძლობს მეთერთმეტე საერთაშორისო კონფერენციას, რომელიც დეზინფორმაციასთან ბრძოლის საკითხებსაც ეხება

ბათუმში საარჩევნო ადმინისტრაციების მე-11 საერთაშორისო კონფერენცია გაიხსნა. როგორც ცესკო-ს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა განაცხადა, კონფერენცია ეხება აქტუალურ საკითხებს, მათ შორის დეზინფორმაციასთან ბრძოლას.

გიორგი კალანდარიშვილის თქმით, დეზინფორმაციასთან ბრძოლა მრავალი ქვეყნის გამოწვევაა.

„დღეს საარჩევნო ადმინისტრაცია მასპინძლობს მეთერთმეტე საერთაშორისო კონფერენციას, რომელსაც ჩვენ დავუდეთ საფუძველი. 25-ზე მეტი ქვეყნის საარჩევნო ადმინისტრატორი, 100-ზე მეტი მონაწილე და ასეთი მაღალი გამოხმაურება მიუთითებს საარჩევნო პროცესში იმ თემების აქტუალურობაზე, მნიშვნელობაზე, რასაც კონფერენცია ეხება. ეს არის საარჩევნო ტექნოლოგიები და დეზინფორმაციასთან ბრძოლა, განსაკუთრებით ტექნოლოგიურ კონტექსტში, რათა დავიცვათ არჩევნების მთლიანობა და საარჩევნო გარემო არასწორი, მავნე გავლენებისგან, რომელიც, ზოგადად, დეზინფორმაციული კამპანიების შედეგად არაერთხელ გვინახავს. ეს არ არის მხოლოდ ჩვენი ქვეყნის გამოწვევა, საარჩევნო ადმინისტრაციის გამოწვევა, ეს არის მრავალი ქვეყნის გამოწვევა, განსაკუთრებით 21-ე საუკუნეში, როდესაც დეზინფორმაციის, ცრუ ნარატივების გავრცელებას საზღვრები არ აქვს. საარჩევნო ადმინისტრატორებს, მთავარ პასუხისმგებელ პირებს გვმართებს, ერთობლივი ძალისხმევით უზრუნველვყოთ ისეთი მექანიზმების შემუშავება, შექმნა, რომლებიც უზრუნველყოფს საზოგადოების სწორ და ობიექტურ ინფორმირებას საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით.

მნიშვნელოვანია, რომ 2024 წელს, საქართველოში პირველად, ეროვნული მასშტაბით იქნება გამოყენებული საარჩევნო ტექნოლოგიები, ამომრჩეველთა ვერიფიკაციისა და ხმების მთვლელი აპარატები, რაც პროგრესული და წინ გადადგმული ნაბიჯია ჩვენი ქვეყნის არჩევნების ისტორიაში. ეს მნიშვნელოვნად უზრუნველყოფს კენჭისყრის პროცედურების გამარტივებას, უსაფრთხოებას, მაღალ გამჭვირვალობას, საჯაროობას, რაც, თავის მხრივ, სანდოობის ამაღლებასა და გაუმჯობესებას უზრუნველყოფს“, – განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა.