გიორგი კალანდარიშვილი - მნიშვნელოვანია, საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებმა ობიექტურად და მიუკერძოებლად განახორციელონ თავიანთი სადამკვირვებლო მისია
მნიშვნელოვანია, საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებმა ობიექტურად და მიუკერძოებლად განახორციელონ თავიანთი სადამკვირვებლო მისია, – ამის შესახებ ცესკო-ს თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „ყველა შეკითხვა ცესკო-ს“ განაცხადა.
„მნიშვნელოვანია საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების როლი და არსებობა, იქიდან გამომდინარე, რომ მათ აქვთ შესაბამისი სტანდარტები და მეთოდოლოგია, რომლის მიხედვითაც ხორციელდება თავიანთი მიგნებების გადატანა ანგარიშებში. ამ კუთხით სტანდარტზე როდესაც ვსაუბრობ, საერთაშორისო სტანდარტი და პრაქტიკაა, რომ როგორც საარჩევნო ადმინისტრაციას მოეთხოვება მიუკერძოებლობა-ობიექტურობა, ასე მოეთხოვებათ მათაც. ამ ნაწილში, როდესაც სტანდარტზე და მეთოდოლოგიაზე ვსაუბრობ, ეს ნიშნავს იმას, რომ როდესაც შენ იგებ რაღაც ინფორმაციას, ამ ინფორმაციის გადამოწმება-შემოწმება განხორციელდეს“, – განაცხადა კალანდარიშვილმა.
ამასთან, გიორგი კლანდარიშვილმა აღნიშნა, რომ რამდენიმე დღის წინ ცესკო-ს ინიცირებით საფუძველი ჩაეყარა ახალ ქცევის, ეთიკის კოდექსს პოლიტიკურ პარტიებს შორის, რაზეც მხოლოდ ექვსმა პოლიტიკურმა გაერთიანებამ მოაწერა ხელი.
„ეს დაახლოებით ანალოგია იმ ეთიკის პრინციპებისა, რომელიც ევროპარლამენტის არჩევნებზე იქნა გამოყენებული“, – განაცხადა კალანდარიშვილმა.
მისი თქმით, არჩევნების ევროპული სტანდარტებით ჩატარება არის საერთო საქმე, ეროვნული მნიშვნელობის საკითხი და არის ისეთი საკითხები, რომლებიც არ უნდა დაზიანდეს გარკვეული პოლიტიკური დღის წესრიგით მოქმედების პირობებში.