გიორგი კალანდარიშვილი - მნიშვნელოვან გამოწვევას და ერთ-ერთ მთავარ ამოცანას წარმოადგენს ბოლო პერიოდში განხორციელებული საარჩევნო რეფორმის განხორციელება
მნიშვნელოვან გამოწვევას და ერთ-ერთ მთავარ ამოცანას წარმოადგენს ბოლო პერიოდში განხორციელებული საარჩევნო რეფორმის იმპლემენტაცია და განხორციელება, რისთვისაც საარჩევნო ადმინისტრაცია არ დაიშურებს არანაირ ძალისხმევას, – ამის შესახებ ცესკო-ს თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ერთ-ერთი მთავარი ამოცანა იქნება ქვემდგომი კომისიების კომპეტენციების განვითარება და გაძლიერება, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც საუბნო საარჩევნო კომისიები დაკომპლექტდება და მათ მიეწოდებათ ყველა ის ინფორმაცია, რომელიც გათვალისწინებულია საარჩევნო რეფორმის ფარგლებში.
„ამასთან, ერთ-ერთ მნიშვნელოვან ამოცანას წარმოადგენს ყველა დაინტერესებული მხარის საარჩევნო ხელმისაწვდომობისა და ჩართულობის უზრუნველყოფა, დაწყებული პოლიტიკური გაერთიანებებიდან, გაგრძელებული ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციებით, მედია ორგანიზაციებით და ა.შ. რაც მოგვცემს იმის შესაძლებლობას, რომ ამ პირთა წრისთვის ხელმისაწვდომი იქნება დაგეგმვის, განხილვის და გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობა, რაც თავის მხრივ უზრუნველყოფს გამჭვირვალობის ხარისხის მაღალი სტანდარტის დადგენას, ამასთანავე უწყვეტი საინფორმაციო კამპანიის განხორციელება ამომრჩევლებისთვის, რათა მათ ზედმიწევნით ჰქონდეთ ინფორმაცია საარჩევნო ადმინისტრაციის განხორციელებული საქმიანობების, საარჩევნო პროცესის, საარჩევნო პროცედურების და რაც მთავარია იმ საარჩევნო რეფორმის შესახებ, რომელიც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს საარჩევნო გარემოს. 2008 წლიდან დღემდე, საარჩევნო ადმინისტრაციაში სხვადასხვა პოზიციებზე საქმიანობა და ის მნიშვნელოვანი სამუშაო გამოცდილება მაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ არჩევნების დანიშვნისთანავე, ცესკო-ს თავმჯდომარედ არჩევის შესახებ შესაბამისი სამართლებრივი აქტების ძალაში შესვლისთანავე ჩავერთო საარჩევნო პროცესებში, გავუმკლავდე ყველა გამოწვევას, განვახორციელო და მივიყვანო ბოლომდე ყველა ის ამოცანა, რომელიც როგორც მე, ასევე დღეს საარჩევნო ადმინისტრაციაში არსებულ გუნდს აქვს“, – განაცხადა კალანდარიშვილმა.