გიორგი კალანდარიშვილი - მიუხედავად იმისა, რომ უბნის შექმნის პრინციპზე კანონში ყველაფერი გასაგებად წერია, საკითხი მაინც მანიპულაციურად იქნა გამოყენებული, მოხდა უცხოეთში მყოფ თანამემამულეთა შეცდომაში შეყვანა
სამწუხაროდ, განხორციელდა უცხოეთში მყოფი ჩვენი თანამემამულეების შეცდომაში შეყვანა, – ამის შესახებ ცესკო-ს თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „ყველა შეკითხვა ცესკო-ს“ განაცხადა.
„მიუხედავად იმისა, რომ უბნის შექმნის პრინციპზე კანონში ყველაფერი გასაგებად წერია და ამ ნაწილში ერთ-ერთმა ბოლო ცვლილებამ გაუმჯობესება შეიტანა, რითაც საარჩევნო რეგისტრაციისთვის მიმართვის ვადები გაიზარდა, ეს საკითხი მაინც მანიპულაციურად და დეზინფორმაციულად, პროცესის დისკრედიტაციისთვის იქნა გამოყენებული. რაც ყველაზე სამწუხარო და ცუდია, განხორციელდა უცხოეთში მყოფი ჩვენი თანამემამულეების შეცდომაში შეყვანა. ეს არ დაწყებულა დღეს და გუშინ. ჩვენ მთელი წლის განმავლობაში გვქონდა არაერთი გამოხმაურება და განცხადება, მათ შორის, მოწოდებები ჩვენი თანამემამულეების მიმართ, რომლებიც უცხოეთში იმყოფებიან, რომ გადაემოწმებინათ შესაბამისი ინფორმაცია და არ მომხდარიყო მათი შეცდომაში შეყვანა“, – განაცხადა კალანდარიშვილმა.
მისი თქმით, დღეს კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც ეფუძნებოდა საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ მოწოდებულ მონაცემებს, რომლის თანახმადაც, 42 ქვეყნის 53 ქალაქში შეიქმნა 60 საარჩევნო უბანი.
„ასევე აღსანიშნავია, რომ აქ არის ხუთი ისეთი სახელმწიფო, რომელშიც ცესკო-ს აქამდე არ ჰქონია საარჩევნო უბანი. ეს არის იაპონია, კორეა, ფინეთი, არაბთა გაერთიანებული საამირო და ავსტრალიის თანამეგობრობა, სადაც თითო-თითო საარჩევნო უბანი შეიქმნა. ასევე აღსანიშნავია ისიც, რომ განვლილი პრაქტიკისგან განსხვავებით, მაგალითად, ნიუ-იორკში ყოველთვის იყო ერთი ან ორი უბანი, ახლა კი სამი უბანი იქნება. ამასთან, უბანი არ ყოფილა იტალიის ქალაქ მილანში, გერმანიის ქალაქ შტუტგარდში და ესეც გარკვეულ სიახლეს წარმოადგენს“, – განაცხადა კალანდარიშვილმა.
ამასთან, კალანდარიშვილმა აღნიშნა, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრომ ცესკო-ს მიაწოდა ინფორმაცია საარჩევნო უფლების მქონე პირების შესახებ, რომელთა რაოდენობა 65 000-ზე მცირედით მეტს შეადგენს და ესენი არიან ამ ქვეყნებში საკონსულო აღრიცხვაზე მყოფი პირები ლოკაციების მიხედვით, რაც გახდა ცესკო-ს დღევანდელი გადაწყვეტილების საფუძველი.
„საუბარია იმაზე, რომ სადაც იყო 50 და მეტი ამომრჩეველი, საგარეო საქმეთა სამინისტრომ, როგორც ამ ინფორმაციის დამუშავებაზე პასუხისმგებელმა ორგანომ, მოგვაწოდა ეს ინფორმაცია. ეს ხდებოდა 2020 წელსაც და წინა წლებშიც, 2008-შიც და ყველა იმ საერთო არჩევნებზე, რომელშიც უცხოეთში მყოფი ჩვენი თანამემამულეები იღებდნენ მონაწილეობას“, – განაცხადა კალანდარიშვილმა.
ამასთან, კალანდარიშვილმა აღნიშნა, რომ 8 ოქტომბრის მდგომარეობით ცესკო-ს თუ გადაეცემა მონაცემები, რომლებიც უწყებას დამატებითი საარჩევნო უბნების შექმნის საჭიროებას დაანახებს, ინსტიტუციას ამის პრაქტიკა აქვს როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ და არსებული უბნების ნაწილში შესაბამისი მატება იქნება.
ცესკო-ს თავმჯდომარემ ასევე განაცხადა, რომ დღეიდან 7 ოქტომბრამდე არასაკონსულო აღრიცხვაზე მყოფ პირებს აქვთ შესაძლებლობა, არჩევნებში მონაწილეობის მიზნით, აღნიშნულ 60 საარჩევნო უბანზე, შესაბამისი ლოკაციის მიხედვით, მოითხოვონ საარჩევნო რეგისტრაცია და შესაბამისი მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში, მოხვდნენ ამომრჩეველთა ერთიან სიაში და მონაწილეობა მიიღონ არჩევნებში, ისევე, როგორც ამავე პერიოდში, შესაბამისი ვადების გათვალისწინებით, სურვილის შემთხვევაში, მოახდინონ საკონსულო აღრიცხვაზე დადგომა.
„ეს არის ის ორი გზა, რომ შექმნილ საარჩევნო უბნებში მათ ჰქონდეთ არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა“, – განაცხადა კალანდარიშვილმა.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რა ფორმით მისცემენ ხმას საზღვარგარეთ საქართველოს მოქალაქეები, გიორგი კალანდარიშვილმა განაცხადა, რომ ეს საკითხი პირდაპირ კანონით არის მოწესრიგებული, რომ უცხოეთში ხმის მიცემა ტრადიციული, რეგულარული წესის მიხედვით იქნება, ქაღალდის ბიულეტენზე, როგორც აქამდე ხდებოდა.