გიორგი კალანდარიშვილი - იმედი მაქვს, საარჩევნო ადმინისტრაციის კონსტრუქციულ ნაბიჯებს ბოროტად არავინ გამოიყენებს და არ გახდება საჩივრების ხელოვნურად გაზრდის საფუძველი
საჩივარს ყოველთვის ეტყობა, ის მიზანმიმართულად არის დაწერილი, თუ რეალურად გარკვეულ სამართლებრივ და ფაქტობრივ გარემოებებს ეყრდნობა, – ასე უპასუხა ცესკო-ს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტის კითხვას.
კითხვა შეეხებოდა „ქართული ოცნების“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, ოპოზიცია გეგმავს დესტრუქციას საარჩევნო უბნებზე და შესაძლოა, დაიწეროს ჭარბი რაოდენობის საჩივრები და პრობლემა შეუქმნას კომისიების მუშაობას, რამდენად არის ცესკო მსგავსი შემთხვევებისთვის მზად.
როგორც გიორგი კალანდარიშვილმა აღნიშნა, საჩივრებთან მიმართებაში ცესკო-მ განახორციელა ძალიან მნიშვნელოვანი საქმიანობა, საკანონმდებლო წინადადებები იქნა გათვალისწინებული და საარჩევნო რეფორმამ უზრუნველყო გარკვეული პროცედურების დახვეწა, მათ შორის საჩივრების ვადების ზრდა-განხილვის ნაწილში.
„განხილვის ვადების ზრდა არის ის შესაძლებლობა, თუ მოჭარბებული რაოდენობით საჩივრები იარსებებს, რომ ჩვენ გვქონდეს გარკვეული რესურსი დროის თვალსაზრისით, რომ ამ მცირე დროში გარკვეული და ობიექტური ადმინისტრაციული წარმოება განვახორციელოთ, რათა დავადგინოთ შესაბამისი ობიექტური მიზეზი, ობიქტური გადაცდომა თუ არაგადაცდომის ფაქტები და მივიღოთ შესაბამისი გადაწყვეტილება. თუმცა საჩივარს ყოველთვის ეტყობა ის მიზანმიმართულად არის დაწერილი, თუ რეალურად გარკვეულ სამართლებრივ და ფაქტობრივ გარემოებებს ეყრდნობა, ჩვენ ასეთი ტიპის სტატისტიკასაც ვაკეთებთ. გასულ წლებში არაერთი საერთაშორისო ორგანიზაციის დასკვნაში მოხვედრილა ასე ხელოვნურად გაზრდილი საჩივრების რაოდენობა სხვადასხვა სუბიექტების მხრიდან, თუმცა ამ შემთხვევაში, არ ვიცი იმ არგუმენტების საფუძველი, რაზეც მმართველმა პარტიამ გააკეთა შესაბამისი განცხადებები.
მინდა ვთქვა, რომ დღეს არსებობს საკანონმდებლო სივრცე, რომლითაც ჩვენ განხილვის ვადები გაგვეზარდა და ამ თვალსაზრისით ვეცდებით, მაქსიმუმი გავაკეთებთ, ისედაც 24-საათიან რეჟიმში ვმუშაობთ, მაგრამ კიდევ უფრო დავიხარჯებით საუბარი მაქვს ქვემდგომ კომისიებზე.
მივმართავ ყველა დაინტერესებულ პირს, რომელსაც აქვს განცხადება-საჩივრის დაწერის უფლებამოსილება, რომ კენჭისყრის დღესთან დაკავშირებული საჩივრები, რომელიც ეხება ხმის დათვლას, თუ შემაჯამებელ ოქმს საჩივრდება შესაბამის ზემდგომ საოლქო საარჩევნო კომისიებში და ასეთი ტიპის საჩივრის ცესკო-ში გასაჩივრების შემთხვევაში ის დარჩება განუხილველი“, – განაცხადა კალანდარიშვილმა.
მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ კენჭისყრის დღეს საჩივრების განხილვა მაქსიმალურად იყოს დაცული, რათა ამ შემჭიდროვებულ ვადებში, თუ ორიენტირი არის გარკვეული პროცესის, გარკვეული საკითხების გამოსწორებაზე და გაუმჯობესებაზე,ეს პროცედურა და ეს წესი იყოს დაცული, რათა თავიდან იქნას არიდებული დროის კარგვა.
„ჩვენ შევქმენით ელექტრონული პლატფორმა, ცესკო-ს ვებგვერდზე, ასევე გარკვეული არასამთავრობო ორგანიზაციების მოთხოვნით, შევქმენით ვიდეოინსტრუქცია, რომლის მეშვეობითაც, ექნებათ შესაძლებლობა, მოახდინონ ზედმიწევნით შესაბამისი პროცედურების გათვალისწინებით განცხადება-საჩივრების წარდგენა საოლქო და ცენტრალურ საარჩევნო კომისიებში, რაც კიდევ ერთხელ წინ გადადგმული ნაბიჯია. ეს ჩართულ მხარეებს მისცემს შესაძლებლობას, რომ დროის დაზოგვით, დისტანციურად მოახდინონ გარკვეული ტიპის საჩივრების ელექტრონულად წარდგენა. ამ შემთხვევაში პარტნიორი იყო საერთაშორისო ორგანიზაცია „აიფესი“, რომლის მხერდაჭერითაც განხორციელდა ამ პროგრამული უზრუნველყოფის ჩვენ ვებგვერდზე განთავსება და ამ მხრივაც, გარკვეული სიახლეები იქნება შეთავაზებული. ამას გარდა, საჩივრების კუთხით ჩვენ გვაქვს სიახლეები, რომელიც ისევ და ისევ მხარეების, განმცხადებლის, მომჩივნის ინტერესის დაცვით არის გაკეთებული, ეს არის მაგალითად ცესკო-ს სხდომებზე დისტანციურად მონაწილეობის შესაძლებლობა, რომელიც პირველად გავაკეთეთ. დიდი იმედი მაქვს, რომ საარჩევნო ადმინისტრაციისა და კანონმდებლობის მხრიდან გადადგმული ეს კონსტრუქციული, სწორი და წინგადადგმული ნაბიჯები, არ გახდება ბოროტად გამოყენების საფუძველი იმისთვის, რომ აღარც ხელოვნურად გაზრდილი საჩივრების რაოდენობის შემთხვევებთან გვექნება საქმე“, – განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა.