გიორგი კალანდარიშვილი - ერთია, როცა საარჩევნო ადმინისტრაცია გეგმავს და პროგრესი სახეზეა, რასაც ეუთო-ოდირი ამბობს, მაგრამ მეორეა, როცა სხვადასხვა დაინტერესებული მხარე ცდილობს ინსტიტუციის დაზიანებას
ერთია, როდესაც საარჩევნო ადმინისტრაცია გეგმავს, ახორციელებს და პროგრესი სახეზეა, რასაც ეუთო-ოდირი თუ სხვა ორგანიზაციები ამბობენ, მაგრამ მეორეა, როცა სხვადასხვა დაინტერესებული მხარე საკუთარი დღის წესრიგიდან გამომდინარე ცდილობს ინსტიტუციის დაზიანებას, – განაცხადა ცესკო-ს თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ სტუმრობისას.
„ხდება ინსტიტუციის რეპუტაციის დაზიანება და არასწორი აღქმების ჩამოყალიბება, რასაც, თავის მხრივ, მივყავართ იქამდე, რომ ამან, შესაძლოა, გარკვეულწილად, უნდობლობა გამოიწვიოს გარკვეულ სეგმენტში, ვისაც შეიძლება, მეორე მხრიდან სათანადო ინფორმაცია არ ჰქონდეს, რათა გარკვეული ანალიზი და დასკვნა გააკეთოს“, – განაცხადა კალანდარიშვილმა.
მისი თქმით, საერთაშორისო ორგანიზაციამ, IDEA-მ 53-მა, მათ შორის, საქართველოში და წამყვან ევროპულ ქვეყნებში ჩაატარა კვლევა საარჩევნო პროცესში დეზინფორმაციის გავლენასთან დაკავშირებით და კვლევის ფარგლებში, რომლის შედეგებიც რამდენიმე კვირის წინ გამოქვეყნდა, დადგინდა, რომ ქვეყნების 92%-ში საარჩევნო ადმინისტრაციები იყო დეზინფორმაციის, ცილისწამებისა და სიძულვილის ენის გამოყენების მთავარი მსხვერპლი.
კალანდარიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ ყველა იმ შემთხვევაში, სადაც არჩევნებში ადგილი ჰქონდა დარღვევა-გადაცდომის დადასტურებულ შემთხვევას და ეს სამართლებრივად დგინდებოდა, საარჩევნო ადმინისტრაციის მხრიდან იყო სათანადო რეაგირება, რაც მომავალშიც გაგრძელდება.
„რა თქმა უნდა, ყოველთვის არსებობს უკმაყოფილო მხარე. იმიტომ, რომ მომჩივანი როდესაც საჩივარს გიწერს, ის, მინიმუმ, თვლის, რომ იქ დარღვევა იყო, თუმცა ეს აპრიორი არ ნიშნავს, რომ იქ დარღვევა დადასტურდება. ამას სჭირდება შესაბამისი ადმინისტრაციული წარმოების განხორციელება, ფაქტების, მტკიცებულებების შესწავლა, გამოკვლევა, ახსნა-განმარტებების მიღება და მთელი რიგი პროცედურები. ეს ერთმნიშვნელოვნად არ არის ისე, რომ გიორგი კალანდარიშვილმა ვიღაცის საწინააღმდეგოდ რაღაც გადაწყვეტილება მიიღო. არცერთ შემთხვევაში ეს ასე არ არის“, – განაცხადა კალანდარიშვილმა.
მისივე თქმით, არა ერთხელ მომხდარა გარკვეული მანიპულაციები ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებასთან დაკავშირებით, თუმცა, რეალურად, შემდგომ ამის თაობაზე არც საჩივარი ყოფილა და არც გაგრძელება სასამართლოში თუ შემდგომ ინსტანციებში, რაც იმის თქმის შესაძლებლობას იძლევა, რომ ეს ემსახურებოდა მანიპულაციას და გარკვეული აღქმების ჩამოყალიბებას, თითქოს მასობრივად ხდება ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, აჩენს თუ არა ნდობასთან დაკავშირებით პრობლემას ის ფაქტი, რომ ცესკო-ს ახალი თავმჯდომარის არჩევის საკითხი აქამდე ღიად რჩება, გიორგი კალანდარიშვილმა აღნიშნა, რომ ერთადერთი წუხილი, რომელიც საარჩევნო პერიოდში მის კანდიდატურასთან მიმართებით ისმის, არის ის, თითქოს სისტემიდან არის და მმართველ პარტიასთანაა აფილირებული, თუმცა ამის არავითარი კონკრეტული მაგალითი თუ მოცემულობა არ არსებობს, ხოლო ინსტიტუციის მნიშვნელოვანი პროგრესი სახეზეა.