გიორგი კალანდარიშვილი - დღევანდელმა არჩევნებმა დაადასტურა, რომ მზადყოფნა ელექტრონული არჩევნებისთვის უზრუნველყოფილია
გიორგი კალანდარიშვილი - დღევანდელმა არჩევნებმა დაადასტურა, რომ მზადყოფნა ელექტრონული არჩევნებისთვის უზრუნველყოფილია

დღევანდელმა არჩევნებმა დაადასტურა, რომ  საარჩევნო ადმინისტრაციის, ამომრჩევლებისა და საზოგადოების მზადყოფნა ელექტრონული არჩევნებისთვის უზრუნველყოფილია, – ამის შესახებ ცესკო-ს თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

„საარჩევნო ადმინისტრაციამ არჩევნების მოდერნიზების კიდევ ერთი ეტაპი წარმატებით დაასრულა. არჩევნებმა დღეს, რომელიც გორში, კასპსა და გურჯაანში გაიმართა, დაადასტურა, რომ საარჩევნო ადმინისტრაციის, ასევე სხვა ჩართული მხარეების, ამომრჩევლებისა და საზოგადოების მზადყოფნა ელექტრონული არჩევნებისთვის უზრუნველყოფილია.

საარჩევნო ელექტრონული აპარატურა კიდევ ერთხელ ფართო მასშტაბით, საერთო ჯამში, კი მერვედ გამოვიყენეთ და უკვე შეიძლება თამამად ითქვას, რომ ტექნოლოგიების გამოყენება წარმატებულია.

დღევანდელი დღე ადასტურებს, რომ საარჩევნო ადმინისტრაციამ არჩევნებს ორგანიზება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად გაუწია და პროცესი, ფაქტობრივად, ხარვეზების გარეშე წარიმართა. განსაკუთრებით აღსანიშნავია ამომრჩეველთა ინფორმირებულობის მაღალი დონე, რაც უდავოდ ამ მიზნით განხორციელებული, ფართომასშტაბიანი და აქტიური საინფორმაციო-საგანმანათლებლო კამპანიების ლოგიკური შედეგია.

კამპანია კონცენტრირებული იყო კენჭისყრაში ელექტრონული საშუალებებით მონაწილეობის საკითხებზე. გამოვიყენეთ ყველა შესაძლებლობა ამომრჩეველთა ინფორმირებისთვის: ცესკო-სა და სწავლების ცენტრის საგანმანათლებლო პროექტები, ელექტრონული ტექნოლოგიების დემონსტრირება ხალხმრავალ ღონისძიებებზე და სხვადასხვა უწყების წარმომადგენლებთან შეხვედრებზე, სარეკლამო რგოლები და საინფორმაციო ბროშურების გავრცელება. აღარ შევჩერდები საინფორმაციო-სარეკლამო კამპანიაზე, რომელიც, რა თქმა უნდა, კიდევ უფრო აქტიურად გაგრძელდება 2024 წლის არჩევნებისთვის.

აქვე, აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ ჩვენთან ერთად ამ პროცესის წარმატებით წარმართვაში განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს იმ ადგილობრივმა და საერთაშორისო ორგანიზაციებმა, რომლებიც აქტიურად იყვნენ ჩართული პროცესში; მედიამ, რომელმაც როგორც წინასაარჩევნო პერიოდში, ისე კენჭისყრის დღეს უზრუნველყო საარჩევნო პროცესების გაშუქება და ამომრჩეველთა ინფორმირება. თანამშრომლობის ახალი პლატფორმების ფარგლებში მათთან ერთად არაერთხელ ვიმსჯელეთ საარჩევნო საკითხებზე და გავითვალისწინეთ რიგი მათი მოსაზრებებისა და რეკომენდაციებისა.

იმისთვის, რომ ამომრჩევლებს მაღალ პროფესიულ დონეზე მომსახურებოდნენ, საკანონმდებლო სიახლეებისა და ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენების მიმართულებით რამდენიმეეტაპიანი სწავლება გაიარეს შესაბამისი საარჩევნო კომისიების წევრებმა. დღეს ჩვენ ყველამ ერთად დავადასტურეთ, რომ არჩევნები საერთო საქმეა და არსებობს ყველა წინაპირობა და მზადყოფნა 2024 წელს მოდერნიზებული და კარგად ადმინისტრირებული, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი არჩევნების ჩასატარებლად“, – განაცხადა კალანდარიშვილმა.

მისივე თქმით, აპარატების მიერ დათვლის გარდა, კომისიები დამატებით ხელით გადაითვლიან შედეგებს, რაც, კალანდარიშვილის განცხადებით, სანდოობის მნიშვნელოვანი მექანიზმია, ამის შემდეგ კი შედგება შემაჯამებელი ოქმი.