გიორგი კალანდარიშვილი - დღეს შევხვდით ეუთო/ოდირის ხელმძღვანელობას და დეტალურად მივაწოდეთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია კენჭისყრის დღიდან დღევანდელ დღემდე მოვლენებთან დაკავშირებით
გიორგი კალანდარიშვილი - დღეს შევხვდით ეუთო/ოდირის ხელმძღვანელობას და დეტალურად მივაწოდეთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია კენჭისყრის დღიდან დღევანდელ დღემდე მოვლენებთან დაკავშირებით

დღეს ჩვენ შევხვდით ეუთო/ოდირის ხელმძღვანელობას, დელეგაციის წარმომადგენლებს და დეტალურად მივაწოდეთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია კენჭისყრის დღიდან დღევანდელ დღემდე განხორციელებულ მოვლენებთან დაკავშირებით, – განაცხადა ცესკო-ს თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა – მაკა ცინცაძესთან ერთად“.

„მათ შორის, მივაწოდეთ ინფორმაცია, თუ რაოდენ დეზინფორმაციული და დისკრედიტაციული კამპანიები ხორციელდება ზოგადად არჩევნებთან მიმართებაში, ინსტიტუციასა და კონკრეტულ პერსონებთან მიმართებაში, რათა შეიქმნას გარკვეული მოცემულობა, თითქოს არჩევნები გაყალბდა და გარკვეული მანიპულაციები განხორციელდა, თუმცა არჩევნების დღიდან ხუთი დღე გავიდა და დღემდე არ გვინახავს არცერთი მტკიცებულება და არცერთი მასალა, ფაქტი იმის თობაზე, თუ რა აძლევს ამ ადამიანებს, სხვადასხვა ჩართულ მხარეს იმის თქმის შესაძლებლობას, რომ არჩევნები გაყალბდა“, – განაცხადა კალანდარიშვილმა.

მისი თქმით, ნაცვლად იმისა, რომ ჯერ ფაქტები, მტკიცებულებები არსებობს და შემდეგ კეთდებოდეს ლოგიკური შეფასება და დასკვნა, ამ შემთხვევაში საპირისპიროდ მოხდა, არის გარკვეული შეფასება-დასკვნა და დღეს ხდება გარკვეული მტკიცებულებების მოძიება, რომლითაც განხორციელდება გაჟღერებული დასკვნის ე.წ. გამართლება.

ცესკო-ს თავმჯდომარემ ასევე განაცხადა, რომ საერთაშორისო დამკვირვებლების დასკვნებში საუბარია გარკვეულ წუხილებზე, თუმცა ეს არ არის ისეთი წუხილები.

„მაგალითად, ფარულობის ნაწილში საუბარია პოტენციურ კომპრომატირებად ინფორმაციაზე, რაც, რა თქმა უნდა, თავის მხრივ არ ნიშნავს რამე დარღვევის დადასტურებას“, – განაცხადა კალანდარიშვილმა.

ამასთან, კალანდარიშვილმა აღნიშნა, რომ ხმის ფარულობის დაცვა იყო უზრუნველყოფილი და გარდა ამისა, სპეციალური ჩარჩოფორმა ცესკო-ს მიერ იქნა შემუშავებული იმ მიზნით, რომ საარჩევნო კაბინიდან გამოსულ ამომრჩეველს ხმის მთვლელ აპარატში ბიულეტენის მოთავსებამდე სრულად ჰქონოდა გარანტირებული ხმის ფარულობის პრინციპი.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რას უპასუხებს ბრალდებებს სიებში ე.წ. დუბლირებების შესახებ, რომ ვერიფიკაციის აპარატებში ჩატვირთული იყო დუბლირებული სიები და აზღვევს თუ არა ეს ტექნოლოგია ამგვარ შესაძლებლობებს, გიორგი კალანდარიშვილმა განაცხადა, რომ ეს შეუძლებელია.

„მე აქ წამოვიღე ამერიკული კომპანიის მიერ წარმოდგენილი პირველი და მეორე ფაზის ანგარიშები, რომელიც ცხადყოფს და ცალსახად ადასტურებს იმას, რომ შეუძლებელია პირის დუბლირება, შეუძლებელია ამომრჩეველთა ერთიან სიასა და აპარატში ჩატვირთულ სიას შორის იყოს განსხვავება, შეუძლებელია ამომრჩევლის მიერ დაფიქსირებული ნების ცვლილება და ასე შემდეგ. ეს არის კომპანია, რომელიც აშშ-ში ორიდან ერთ-ერთია, ვისაც ასეთი ტიპის აკრედიტაცია გააჩნია და არა მხოლოდ აკრედიტაცია გააჩნია, მას აქვს უფლებამოსილება, სათანადო ლიცენზიები გასცეს ამერიკის ტერიტორიაზე შესაბამისი ვენდორი კომპანიების მიერ წარმოებული ტექნოლოგიური საშუალებების გამოყენებასთან დაკავშირებით“, – განაცხადა კალანდარიშვილმა.

მისივე თქმით, ამ ყველაფერთან ერთად, პროცესში გამოყენებულია ქაღალდის კვალი, რაც ნიშნავს იმას, რომ კენჭისყრის გააქტიურებისას ყველა საარჩევნო უბანზე შესაბამისი ვერიფიკაციის აპარატებიდან იბეჭდება იმ საარჩევნო უბანზე ჩატვირთული ამომრჩეველთა ერთიანი სია, რომელიც ამოიბეჭდება და იქვე საჯაროდ გამოიკვრება კედლის სიასთან ერთად, რაც ნებისმიერ დაინტერესებულ პირს აძლევს იმის შესაძლებლობას, რომ მოახდინოს აუდიტირება და სიების ვერიფიცირება.

მაკა ცინცაძის შეკითხვაზე, თუ ცესკო-ს მიერ წარმოდგენილი მონაცემებით 1000-ზე მეტ უბანზე კომისიის ყველა წევრი აწერს ხელს, რატომ მოაწერეს ხელი ოპოზიციის წარმომადგენლებმა კომისიებში, თუ დარღვევებს ჰქონდა ადგილი, რომელსაც შეეძლო, გავლენა მოეხდინა კენჭისყრის შედეგებზე, კალადარიშვილმა თქვა, რომ თუ კენჭისყრის დღეს არსებით დარღვევას ჰქონდა ადგილი, თუ ვინმეს მიაჩნდა, რომ კვალის ბიულეტენის მეორე მხარეს გამოჟონვა პრობლემას წარმოადგენდა, ადგილზე იყვნენ კომისიის წევრები, საერთაშორისო თუ ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციები და ისმის კითხვა, რატომ ხდება ეს ყველაფერი კენჭისყრის დღიდან სამი დღის შემდეგ?

„საუბარი მაქვს არა მხოლოდ საჩივრების წარმოდგენაზე ამ მიმართულებით და ბათილობის მოთხოვნაზე, არამედ ამ საკითხით აპელირებაზე სხვადასხვა ჩართული მხარის მხრიდან. დღეს უკვე მეხუთე დღეა კენჭისყრის დღიდან და გუშინდელი და დღევანდელი დღის მთავარ თემას წარმოადგენდა ის, რომ თურმე ფარულობა არის დარღვეული. ეს მაშინ, როდესაც, პირველ რიგში, ფარულობა არ არის დარღვეული, იმიტომ, რომ არჩევანი არ არის იდენტიფიცირებადი და, რა თქმა უნდა, ის ტექნიკური კომპონენტი, რომ მეორე მხარეს არის მარკირების კვალი და გამოჟონილი მელანი, იმთავითვე არ ნიშნავს, რომ იდენტიფიცირებადია ამომრჩევლის ნება“, – განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა.

მისივე თქმით, გაყალბება არის ძალიან მძიმე ბრალდება, ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული და როცა საუბარია დაუსაბუთებელ ბრალდებებზე, რა თქმა უნდა, ცესკო-მ მიმართა პროკურატურას, რათა უწყებამ შეისწავლოს, პირველ რიგში, ჰქონდეს რეაგირება ყველა შემთხვევაზე, თუ ასეთი დადასტურებელი შემთხვევა იარსებებს, და მეორე, საზოგადოებას ჰქონდეს ობიექტური ინფორმაცია, ზოგადად ჭეშმარიტება საარჩევნო პროცესებთან დაკავშირებით.