გიორგი კალანდარიშვილი - დღეს იყო ბოლო ვადა, როცა ამომრჩეველთა ერთიან სიაში ყოველგვარი ცვლილების განხორციელებაა შესაძლებელი და არსებობს შესაძლებლობა, რომ უზუსტობები გამოსწორდეს
დღეს დასრულდა ამომრჩეველთა ერთიან სიებში არათუ გადამოწმების, არამედ შესაბამისი მოთხოვნის გაკეთების ვადა ყველა იმ უწყებასთან, რომელიც მონაწილეობას იღებს ამომრჩეველთა ერთიანი სიის ფორმირებაში და არსებობს იმის შესაძლებლობა, რომ მონაცემების გადამოწმების შედეგად გამოვლენილი უზუსტობა გამოსწორდეს შესაბამის ვადებში, – ამის შესახებ ცესკო-ს თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „ყველა შეკითხვა ცესკო-ს“ განაცხადა.
„აღნიშნული ინფორმაციები მუშავდება შესაბამისი უწყებების მხრიდან და უკვე შემდგომ გადმოეცემა ცესკო-ს. ეს პროცესი უახლოეს დღეებში დაიწყება და ჩვენ ამ მონაცემების გადმოცემის შედეგად ასევე უზრუნველვყოფთ ინფორმაციის აკუმულირებას, ყველა შესაბამისი უწყებიდან მოწოდებული ინფორმაციის გაერთიანებას, დამუშავებას და შემდგომ, საოლქოებად და საუბნოებად დაყოფას. ვიდრე ეს განხორციელდება, პირველ რიგში, საზოგადოებას მივაწვდით ინფორმაციას ამომრჩეველთა რაოდენობის, საერთო რიცხვის შესახებ, ისევე, როგორც საკონსულო აღრიცხვაზე მყოფი პირებისა და სხვა იმ დაზუსტებების შესახებ, რომელიც ამომრჩევლებმა მათი აქტიურობის შედეგად განახორციელეს ამომრჩეველთა ერთიანი სიების ზუსტი ფორმირებისთვის“, – განაცხადა კალანდარიშვილმა.
მისი თქმით, 8 ოქტომბერი იყო ბოლო ვადა, როცა ამომრჩეველთა ერთიან სიაში ყოველგვარი ცვლილების განხორციელება არის შესაძლებელი.
როგორც კალანდარიშვილმა აღნიშნა, სამწუხაროდ, ხშირად მანიპულაციურად, სპეკულაციებისთვის არის გამოყენებული ამომრჩეველთა ერთიან სიაში გარდაცვლილი ადამიანის არსებობის საკითხი.
„უნდა ითქვას, რომ არა მხოლოდ ამ 18 დღეში გარდაცვლილი პირები მოხვდებიან ამომრჩეველთა სიაში, არამედ, თუ წინა წლების განმავლობაში პირის გარდაცვალების ფაქტი იურიდიულად არ არის დამოწმებული და ინფორმაცია მიწოდებული შესაბამისი უწყებებისთვის, ცხადია, ეს ადამიანი იმ კონკრეტული უწყებისთვის არის ცოცხალი. ბუნებრივია, ამ ინფორმაციის ცესკო-სთვის გადმოცემა ამ სახით ხდება“, – განაცხადა კალანდარიშვილმა.
ამასთან, კალანდარიშვილმა განაცხადა, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით, არჩევნებზე მისულ ამომრჩეველს დახვდება ერთი ბიულეტენი და ერთი სვეტი, მაგრამ ვინაიდან სამტრედიასა და ჩოხატაურში იმართება მუნიციპალიტეტის საკრებულოს ადგილობრივი შუალედური არჩევნები მაჟორიტარულ ოლქებში თითო-თითო ვაკანტური პოზიციების შევსების მიზნით, სამტრედიისა და ჩოხატაურის შესაბამის მაჟორიტარულ ოლქში რეგისტრირებულ ამომრჩეველს ორსვეტიანი ბიულეტენი დახვდება, ისევე, როგორც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების გამო ამომრჩეველს ასევე ორსვეტიანი საარჩევნო ბიულეტენი დახვდება.
მისივე თქმით, ელექტრონული სისტემის დანერგვის შემდგომ სხვადასხვა აქტივობის შედეგად მოხდა ყველა შესაძლო რისკის გადაზღვევა, თუმცა როცა ასეთი მასშტაბური პროექტი ხორციელდება, რომლის მიზანიც კენჭისყრის დღის მნიშვნელოვანი მოდერნიზება და პროცესის კიდევ უფრო გაჯანსაღებაა, უსაფუძვლო კითხვებმა და მითებმა ამდენ სიკეთე არ უნდა გადაფაროს და ამ მიზნით, ცესკო-ს გადაწყვეტილებით, ამერიკული კომპანია აუდიტს ხელმეორედ ჩაატარებს.