გიორგი კალანდარიშვილი - დარწმუნებული ვარ, სტრატეგიულ ობიექტებზე გადაწყვეტილებას შესაბამისი მოტივები და წინაპირობა ჰქონდა
დარწმუნებული ვარ, სტრატეგიულ ობიექტებთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებას შესაბამისი მოტივები და წინაპირობა ჰქონდა, – ამის შესახებ ცესკო-ს თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა მთავრობის მიერ სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ნუსხის დამტკიცების საკითხის კომენტირებისას განაცხადა.
„დარწმუნებული ვარ, მთავრობას ასეთი გადაწყვეტილების მისაღებად შესაბამისი მოტივები და წინაპირობა ჰქონდა. შესაძლოა, ჩვენ ვივარაუდოთ, ეს, მათ შორის, ეფუძნებოდეს იმ გარემოებას, როცა წინა წლებში მოხდა, განსაკუთრებით, 2020 წლის შემთხვევას თუ გავიხსენებთ, როცა გარკვეული დემონსტრაციები ხორციელდებოდა ინსტიტუციის შემოგარენში. ასევე, თუ გავიხსენებთ იმ საფრთხეებს, რომლებიც ამ ყველაფრის შედეგად იყო და, ზოგადად, ინსტიტუციის გამართულ ფუნქციონირებას აყენებდა კითხვის ნიშნის ქვეშ. აქედან გამომდინარე, ალბათ შესაბამისი გარემოებების შეფასებისა და ანალიზის საფუძველზე მთავრობამ მიიღო ეს გადაწყვეტილება“, – განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა.
საქართველოს მთავრობის N361 დადგენილების თანახმად, რომელიც 2024 წლის 23 ოქტომბერს გამოიცა და გამოქვეყნებისთანავე ამოქმედდა, დაზუსტდა ის სტრატეგიული და განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ობიექტები, რომელთა ხელში ჩაგდება ან ბლოკირება სისხლის სამართლის დანაშაულით დასჯადია.