გიორგი კალანდარიშვილი - ჩვენი მთავარი ამოცანაა, ამომრჩეველს მოვემსახუროთ უსაფრთხო გარემოში, ამისთვის ყველანაირი სამზადისი მიმდინარეობს
ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, გიორგი კალანდარიშვილი აცხადებს, რომ არჩევნების უსაფრთხო გარემოში ჩასატარებლად ემზადებიან.
მისივე თქმით, ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით არაერთი მექანიზმი აქვთ შემუშავებული.
„მიმდინარეობს ყველანაირი სამზადისი, რომ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით, 2 ოქტომბერს ამომრჩეველს მოვემსახუროთ უსაფრთხო გარემოში, რაც ჩვენთვის მთავარ ამოცანას წარმოადგენს. ამ მიზნით საარჩევნო ადმინისტრაციამ მიიღო ოთხი კანონქვემდებარე აქტი, რომლითაც მოაწესრიგა და დაადგინა სანიტარულ-ჰიგიენური მოთხოვნები, რომლებიც სავალდებულო იქნება როგორც კენჭისყრის დღეს, ასევე კენჭისყრის დღემდე გასათვალისწინებლად როგორც საარჩევნო ადმინისტრატორებისთვის, ასევე ჩართული მხარეებისთვის.
მნიშვნელოვანია ისიც, რომ ჩვენთან მიმდინარეობს ინტენსიური ტესტირება ყველა თანამშრომლის, მათ შორის საუბნო-საარჩევნო კომისიის წევრების ტრენინგებისთვის, სადაც 63 000-მდე საარჩევნო კომისიის წევრი გაივლის შესაბამის სწავლებებს, არც ერთ სწავლებაზე არ მოხდება იმ პირების დაშვება, რომლებიც არ გაივლიან სწრაფ ტესტირებას. ეს არის ერთ-ერთი მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს ვირუსის გავრცელების პრევენციას“, – განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა.
კალანდარიშვილის თქმით, უერთდებიან პრემიერ-მინისტრის ინიციატივას და საარჩევნო ადმინისტრატორებს მოუწოდებენ, ვაქცინაციის პროცესში ჩაერთონ.
„შევუერთდით პრემიერ-მინისტრის ინიციატივას და მოვუწოდებთ ყველა საარჩევნო ადმინისტრაციაში დასაქმებულ პირს, გამოიჩინონ მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა და ჩაერთონ ვაქცინაციის პროცესში. ეს არის ერთ-ერთი ბერკეტი, რომ ჩვენ უზრუნველვყოთ ვირუსის შეჩერება. საარჩევნო ადმინისტრაცია არ წარმოადგენს იმ უფლებამოსილ ორგანოს, რომელსაც აქვს კომპეტენცია და უფლებამოსილება არჩევნების შეჩერება-გადადებასთან დაკავშირებით. შესაბამისად, თუ იქნება ასეთი გადაწყვეტილება, ჩვენ დავექვემდებარებით და ვიმოქმედებთ კანონის შესაბამისად“, – განაცხადა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ.