გიორგი კალანდარიშვილი - ჩვენ უზრუნველყოფილი გვაქვს ჩვენი საქმიანობის მაქსიმალური საჯაროობა და ღიაობა
ჩვენ უზრუნველყოფილი გვაქვს ჩვენი საქმიანობის მაქსიმალური საჯაროობა და ღიაობა, – განაცხადა ცესკო-ს თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური შაბათი – მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას.
„ჩვენ შევქმენით არაერთი სამუშაო პლატფორმა, სადაც უზრუნველყოფილი გვაქვს მაქსიმალური ინკლუზია, რათა თუ სადმე არსებობს პრობლემა და რამე ხარვეზი, დავსხდეთ სხვადასხვა მიზნობრივ ჯგუფთან ერთად, არასამთავრობო ორგანიზაციებთან, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან, მედიასაშუალებებთან, ადგილობრივ ექსპერტებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად, რომ ერთმანეთი კი არ ვაკრიტიკოთ და სხვადასხვა მიზანმიმართული ქმედებით კონკრეტული პროცესები კი არ დავაზიანოთ, არამედ ვისაუბროთ ჯანსაღად და კონსტრუქციული თანამშრომლობის ფარგლებში გავაუმჯობესოთ საარჩევნო გარემო და, რა თქმა უნდა, არჩევნების მთლიანი პროცესი“, – განაცხადა კალანდარიშვილმა.
მისი თქმით, საზოგადოებას არაერთხელ უნახავს, როცა წინასაარჩევნო თუ არჩევნების პერიოდში ქართული საარჩევნო ადმინისტრაცია გახდა ორკესტრირებული დეზინფორმაციული კამპანიების მსხვერპლი.
„ჩვენ ძალაუნებურად გვიწევს თავდაცვის რეჟიმში ყოფნა, რადგან გვინდა, საზოგადოება ყოველთვის იყოს ინფორმირებული ობიექტური ინფორმაციით და ამით ჩვენ შევუწყოთ ხელი იმას, რომ არ მოხდეს არასწორი აღქმების ჩამოყალიბება, რადგან არასწორი აღქმების ჩამოყალიბებას, თავის მხრივ, მიჰყავხარ არასწორი ქმედებების განხორციელებასთან, არასწორ ქმედებებს მიჰყავხარ უნდობლობასთან და ეს უნდობლობაა შემდეგ, რომელიც ისახება რეპუტაციაზე და, ზოგადად, საარჩევო გარემოზე“, – განაცხადა კალანდარიშვილმა.
როგორც ცესკო-ს თავმჯდომარემ აღნიშნა, „აიდიას“ კვლევა ცხადყოფს, რომ საქართველოში და ცესკო-ს მიერ რამე დანაშაული კი არ ხდება, არამედ ეს არის ზოგადი ტრენდი იმისა, რომ ამ საკითხით დაინტერესებულმა პირებმა მონახონ გარკვეული სივრცე, რათა მიზანმიმართულად მოხდეს ინსტიტუციის დაზიანება.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რა კეთდება ელექტრონულ არჩევნებთან დაკავშირებით დეზინფორმაციის გავრცელების პრევენციისთვის, გიორგი კალანდარიშვილმა განაცხადა, რომ საარჩევნო ადმინისტრაციის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა არის მითები, მითებზე პასუხი, დეზინფორმაციაზე პასუხი და ინფორმაციული თვალსაზრისით, სხვა ნებისმიერ არაჯანსაღ, ან ბოროტად განზრახულ ქმედებებზე პასუხი.
„ჩვენი პასუხი არის ის, რომ, ერთი, პრევენციულად უზრუნველვყოთ საზოგადოების მაქსიმალური ინფორმირება და ინფორმაციით აღჭურვა, არა მხოლოდ საზოგადოების, არამედ ჩართული მხარეების“, – განაცხადა კალანდარიშვილმა.
გიორგი კალანდარიშვილმა ასევე განაცხადა, რომ, რა თქმა უნდა, ტექნოლოგიური ინტერვენცია არ არის იმის პანაცეა, რომ ცესკო-მ ასპროცენტიანი სანდოობა უზრუნველყოს.
„ყოველთვის იარსებებენ ადამიანები, რომლებიც სკეპტიკურად და კრიტიკულად იქნებიან განწყობილი, ექნებათ უნდობლობა და ა.შ. მაგრამ ჩვენთვის მთავარია, ამომრჩეველს მაქსიმალურად მივაწოდოთ ინფორმაცია და შემდგომ ამომრჩეველმა თავად გააკეთოს შეფასება-ანალიზი, თუ როგორია პროცესი და ა.შ. ამის ერთ-ერთი კარგი შესაძლებლობა, რაც კანონმდებელმა იმთავითვე გაითვალისწინა და ესეც გახლდათ ვენეციის კომისიისა და ეუთო/ოდირის ერთობლივი მოსაზრების შედეგი, არის ის, რომ პროცესში უზრუნველყოფილია ხელით გადათვლა. ეს ნიშნავს იმას, რომ აპარატის დათვლილს შემდგომ, ჩვენი საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები გადაითვლიან, შეადგენენ შემაჯამებელ ოქმს და მხოლოდ ამ შემაჯამებელ ოქმს ექნება იურიდიული ძალა“, – განაცხადა კალანდარიშვილმა.
მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ისევ არის ხელით გადათვლა, მარკირების პროცედურა და საკონტროლო ფურცლის მსგავსი, ე.წ ნულოვანი ქვითარი აპარატის შემთხვევაშიც არის, ეს ყველაფერი დღეს აუცილებელია იმისთვის, რომ ამ ყველაფერმა, საბოლოო ჯამში, წყალი დაასხას იმ წისქვილზე, რასაც სანდოობა და მისი ზრდა ჰქვია.