გიორგი კალანდარიშვილი - ცესკო ყველა აქტივობას ჯანდაცვის უწყებასთან მჭიდრო კომუნიკაციით ახორციელებს, ჩვენი სამზადისი მთლიანად ემსახურება კოვიდვირუსის გავრცელების პრევენციას
გიორგი კალანდარიშვილი - ცესკო ყველა აქტივობას ჯანდაცვის უწყებასთან მჭიდრო კომუნიკაციით ახორციელებს, ჩვენი სამზადისი მთლიანად ემსახურება კოვიდვირუსის გავრცელების პრევენციას

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, გიორგი კალანდარიშვილის განცხადებით, საარჩევნო ადმინისტრაცია ყველა აქტივობას ჯანდაცვის უწყებასთან მჭიდრო კომუნიკაციითა და კოორდინაციით ახორციელებს.

„საარჩევნო ადმინისტრაციამ ამ გამოწვევაზე ფიქრი არჩევნების დანიშვნისთანავე დაიწყო. ჩვენ ჯანდაცვის უწყებასთან მჭიდრო კომუნიკაციითა და კოორდინაციით ვახორციელებთ ჩვენს ყველა აქტივობას, მათ შორის არის ის სიახლე, რომელიც უკავშირდება ინტენსიურ ტესტირებას, რომელიც უკავშირდება როგორც ცენტრალური, ასევე საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებს. უკვე რამდენიმე დღეში იწყება საუბნო საარჩევნო კომისიების წევრების ტრენინგების პირველი ეტაპი, შესაბამისად არც ერთი ტრენინგი არ ჩაივლის ისე, რომ იქ ვინმემ გატესტვის გარეშე მიიღოს მონაწილეობა“, – განაცხადა ცესკო-ს თავმჯდომარემ.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია პრემიერ-მინისტრის ინიციატივა საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეების ვაქცინაციაში ჩართვასთან დაკავშირებით.

„ამ პროცესის ხელშეწყობის მიზნით გვქონდა შეხვედრა ჯანდაცვის მინისტრთან, არის სრული მხარდაჭერა და მზაობა ამისთვის. ეს პროცესი ცენტრალური და საოლქო საარჩევნო კომისიების დონეზე უკვე დაწყებულია. დიდი მოლოდინი გვაქვს იმისა, რომ 63 ათასამდე საუბნო საარჩევნო კომისიაში დაკომპლექტებული ჩვენი წევრები, ადმინისტრატორები გამოიჩენენ მაღალ სამოქალაქო და სოციალურ პასუხისმგებლობას, ვაქცინაციის პროცესში ჩართულობის მაღალი მაჩვენებელი გვექნება. ეს გასული წლისგან განსხვავებული ეტაპი და მექანიზმია, რადგან მაშინ არ იყო შესაძლებლობა, რომ სრული ტესტირება მოგვეხდინა, ასევე ვაქცინაციის ფართო მასშტაბებით განხორციელების შესაძლებლობა“, – განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა.

კალანდარიშვილის განმარტებით, ცესკო მიჰყვება ყველა იმ რეკომენდაციასა და პროტოკოლს, რომელიც დღეს ეპიდვითარებიდან გამომდინარე ქვეყანაში არსებობს.

„ამ წესების გათვალისწინებით, გუშინ ცესკო-მ მიიღო რამდენიმე მნიშვნელოვანი კანონქვემდებარე აქტი, რომელიც ადგენს როგორც კენჭისყრის დღეს, ასევე წინა პერიოდში საარჩევნო კომისიებთან ურთიერთობის გარკვეულ წესებს, რაც სანიტარულ- ჰიგიენური წესების დაცვასა და განხორციელებას ეხება.

ჩვენი სამზადისი მთლიანად ემსახურება იმას, რომ ყველა შემთხვევაში მოვახდინოთ კოვიდვირუსის გავრცელების პრევენცია და 2 ოქტომბერს მივიდეთ ამ სამზადისით, იმ განცდით, რომ ყველა ამომრჩეველს დავახვედროთ ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემო, სადაც მათ ექნებათ არჩევნებში მონაწილეობის საშუალება. მთავარი არის, რომ მოხდეს წესების ზედმიწევნით და თანმიმდევრული დაცვა, რაც თავის მხრივ უზრუნველყოფს იმას, რომ ჩვენ ერთობლივად შევძლებთ არჩევნების ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემოში ჩატარებას“, – განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა.

რაც შეეხება არჩევნების გადადების საკითხს, გიორგი კალანდარიშვილის განცხადებით, ეს არ წარმოადგენს საარჩევნო ადმინისტრაციის კომპეტენციას.

„ამ ეტაპზე მიმდინარეობს ინტენსიური მზადება საარჩევნოდ როგორც ადმინისტრაციული, ლოგისტიკური, ისე პანდემიური თავლსაზრისით“, – დასძინა ცესკო-ს თავმჯდომარემ.