გიორგი კალანდარიშვილი - ცესკო-მ მიიღო მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომელიც უკავშირდება კრწანისის საარჩევნო ოლქის ყველა უბანზე ამომრჩევლისთვის ტექნოლოგიური სიახლის შეთავაზებას
კრწანისის ოლქის 31-ვე საარჩევნო უბანზე 2 ოქტომბრის არჩევნები ხმის დათვლის ელექტრონული საპილოტე პროექტის ფარგლებში ჩატარდება.
დღეს ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე იმიტირებული პროცესიც შედგა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის გიორგი კალანდარიშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია ცესკო-ს გადაწყვეტილება, რომელიც უკავშირდება კრწანისის საარჩევნო ოლქში 31-ვე საარჩევნო უბანზე ამომრჩევლისთვის იმ ტექნოლოგიური სიახლის შეთავაზებას, რომელსაც ჰქვია ხმის დათვლის ელექტრონული საშუალებების გამოყენება.
კალანდარიშვილის თქმით, უპირველესად, იქნება პრევენცია იმისა, რომ არ მოხდეს კონკრეტული საარჩევნო უბნისთვის განკუთვნილი ბიულეტენის სხვა ყუთში მოთავსება.
„მთავარი პოზიტიური ნოვაცია, როემლიც ამ ნაწილში გვაქვს, არის ის, რომ კენჭისყრის დასრულებისთანავე, სულ რაღაც ერთ ღილაკზე ხელის დაჭერით, რამდენიმე წუთში გვექნება ჩვენ ამ უბნების წინასწარი შედეგები. ეს არის პილოტი, შესაბამისად, პილოტის დაზღვევის მიზნით, ბუნებრივია, ამ წინასწარი შედეგების შემდეგ, გამოყენებული იქნება ის ტრადიციული მეთოდი, რომელიც ითვალისწინებს მატერიალური სახით ბიულეტენების გადათვლას, რასაც კომისია ტრადიციული პროცედურების მიხედვით განახორციელებს. შესაბამისად, დღეს ჩვენ ვახორციელებთ ამ პილოტის სიმულაციას. ჩვენ მოვიწვიეთ ჩართული მხარეები, არასამთავრობო ორგანიზაციები, პოლიტიკური გაერთიანებები და მედია, რათა ამ პილოტის განხორციელებამდე, თქვენთან ერთად კიდევ ერთხელ ვნახოთ ამ სიმულაციის დროს ის რისკ-ფაქტორები, რომელიც შესაძლოა, იყოს ამ პროცესში და ამ მოკლე პერიოდში, კენჭისყრის დღემდე ჩვენ უზრუნველვყოთ რისკის გადაზღვევა, რათა პილოტის ფარგლებში, ამომრჩევლებს სრულყოფილი სერვისი შევთავაზოთ.
ამ პილოტის ფარგლებში, ასევე იქნება პილოტირებული საარჩევნო კაბინები. როგორც იცით, თავმჯდომარის მოადგილემ ოპოზიციური კვოტით, ბატონმა სიორიძემ საზოგადოებას შესთავაზა გარკვეული რემოდელირება-რეკონსტრუქცია საარჩევნო კაბინების, რათა სილუეტი იყოს თვალსაჩინო საზოგადოებისთვის, ამომრჩეველმა არ მოახდინოს გარკვეული მანიპულაციები. შესაბამისად, ჩვენ ასევე გვქონდა შესაძლებლობა, ჩართულ მხარეებთან ერთად განგვეხილა აღნიშნული კაბინის რეკონსტრუქცია. დღეს უკვე გამოიკვეთა კაბინის რამდენიმე ალტერნატივა. საუბარია არსებული კაბინების რემოდელირებაზე. შესაბამისად, დღეს გვექნება ასევე ამ კაბინების პილოტირების შესაძლებლობაც“, – განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა.