გიორგი კალანდარიშვილი - ბევრი ქვეყანა უცხოეთში საარჩევნო უბნებს საერთოდ არ ქმნის, ზოგი შეზღუდვებს აწესებს, მაგრამ ჩვენ ქვეყანაში არის, ჩვენ აღვასრულებთ იმას, რასაც კანონმდებელი გაითვალისწინებს
გიორგი კალანდარიშვილი - ბევრი ქვეყანა უცხოეთში საარჩევნო უბნებს საერთოდ არ ქმნის, ზოგი შეზღუდვებს აწესებს, მაგრამ ჩვენ ქვეყანაში არის, ჩვენ აღვასრულებთ იმას, რასაც კანონმდებელი გაითვალისწინებს

ჩვენ აღვასრულებთ იმას, რასაც კანონმდებელი გაითვალისწინებს და რაზეც პოლიტიკოსები შეთანხმდებიან, – ამის შესახებ ცესკო-ს თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „ყველა შეკითხვა ცესკო-ს“ განაცხადა.

ამ განცხადებით ცესკო-ს თავმჯდომარემ გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, ქმნის თუ არა გარკვეულ უსამართლობას ის ფაქტორი, რომ საზღვარგარეთ მყოფი ადამიანები, რომლებიც იქიდან ოჯახებს ეხმარებიან და რომელთა მონაწილეობის მასშტაბი ქართულ ეკონომიკაში, ანუ ჩვენს შიდა პროცესებში, სოციალურ ყოფაში საკმაოდ მაღალია, არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობას მოკლებული არიან და რა გამოსავლის შეთავაზება უნდა მოხდეს მათთვის კანონმდებლის მხრიდან.

„სამომავლო პერსპექტივაში ყველა ალტერნატიულ შესაძლებლობას აქვს თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები. მე ვსაუბრობ წმინდა პროფესიული ადმინისტრირების ტექნიკური თვალსაზრისით. რასაც კანონმდებელი გაითვალისწინებს და რაზეც პოლიტიკოსები შეთანხმდებიან, რა თქმა უნდა, ჩვენ იმას აღვასრულებთ; მოგვწონს-არ მოგვწონს, ეს ჩვენი საფიქრალი და საზრუნავი არ არის. როგორც აღვნიშნე, ყველა ალტერნატიულ შესაძლებლობას აქვს თავისი დადებითი და უარყოფითი, ზოგს მეტად და ზოგს ნაკლებად, მაგრამ ეს მაინც არის პოლიტიკური გადაწყვეტის საგანი, საკითხი. გერმანია, კანადა, ისრაელი, ირლანდია, სლოვაკეთი, სომხეთი და ბევრი სხვა ქვეყანა უცხოეთში საარჩევნო უბნებს საერთოდ არ ქმნიან. რამდენიმე ქვეყანაა, მათ შორის, ევროპის მასშტაბით, რომელიც არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობას არ აძლევს პირს, თუ ის სამ ან ხუთ წელზე მეტი ვადით იმყოფება ქვეყნის გარეთ. ანუ, ადამიანს თუ წყვეტა აქვს ქვეყნის სამოქალაქო, პოლიტიკურ, სოციალურ ჩართულობასთან მიმართებაში, მას არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობას არ აძლევს. ეს არის პოლიტიკური კონტექსტის მატარებელი საკითხი. შესაბამისად, არის საკანონმდებლო ორგანოს ნაწილი. ზოგმა ქვეყანამ საერთო არ მისცა ამის შესაძლებლობა უცხოეთში მყოფთ, ზოგმა რაღაც შეზღუდვებით მისცა. სადღაც არ აძლევენ ხმის მიცემის შესაძლებლობას, მაგრამ ჩვენ ქვეყანაში არის და პირიქით. ამიტომ, რომელი სჯობს და რომელი არა, ეს არის პოლიტიკური განხილვის, მსჯელობის და შეთანხმების საგანი, რაზეც პოლიტიკური სპექტრი შეთანხმდება“, – განაცხადა კალანდარიშვილმა.

საზღვარგარეთ მყოფი მაყურებლის შეკითხვაზე, შეიძლება თუ არა ხმის მიცემა სხვისი, ამ შემთხვევაში ოჯახის წევრის მაგივრად, გიორგი კალანდარიშვილმა განაცხადა, რომ ასეთ საგამონაკლისო წესს კანონმდებლობა არ იცნობს არც საზღვარგარეთ და არც ქვეყნის შიგნით.

„არის „პროქსი ვოუთინგი“, რომელიც გამოყენებულია რამდენიმე ქვეყანაში, მაგრამ ამ ქვეყნების შემთხვევაშიც, თუ ოჯახში შვიდი-რვა წევრია, მხოლოდ ერთ ოჯახის წევრს შეუძლია, მეორეს ერთი ხმა მიანდოს და არა ისე, რომ მთელმა ოჯახმა ერთ ადამიანს მიანდოს ხმა მის ნაცვლად. ამიტომ ვამბობ, რომ ყველაფერს აქვს თავისი დადებითი და უარყოფითი. „პროქსი ვოუთინგის“ შემოტანა, ანუ მინდობილობით მონაწილეობა, ერთი მხრივ, შეიძლება, კარგად ჟღერდეს, მაგრამ, საბოლოო ჯამში, მაინც შეიძლება, წუხილი, რომელიც ამ მიმართულებით არსებობდეს, ბოლომდე ვერ მოაგვაროს“, – განაცხადა კალანდარიშვილმა.

ცესკო-ს თავმჯდომარემ მაყურებელს მიმართა, რომ ხმის მიცემასთან დაკავშირებით, ინფორმაციის დაზუსტების, ვერიფიცირებული ინფორმაციის მიღების მიზნით ინფორმაცია უნდა გადაამოწმონ ცესკო-ს ვებგვერდზე, სოციალურ ქსელებში და ა.შ.

„ჩვენ შექმნილი გვაქვს სპეციალური ბანერი, სადაც თავსდება ყველა ის ინფორმაცია, რომელიც უკავშირდება უცხოეთში არჩევნებში მონაწილეობას; ფუნქციონირებს 24-საათიანი ონლაინ ჩატი, ცხელი ხაზი. ასევე, საგარეო საქმეთა სამინისტროსთან, დიპლომატიური წარმომადგენლობების მეშვეობით, ჩვენ ამ ინფორმაციის გადაზიარებას და დისტრიბუციას ვახორციელებთ. მნიშვნელოვანია, მათი ინფორმირება იყოს სწორად განხორციელებული. ჩვენ ამ მიზნით არაერთი ბრიფინგი, განცხადება და მოწოდება გავაკეთეთ, რა არის აუცილებელი იმისთვის, რომ უცხოეთში მყოფმა ჩვენმა თანამოქალაქეებმა არჩევნებში შეუფერხებლად შეძლონ მონაწილეობა“, – განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა.