გიორგი კალანდარიშვილი - არჩევნები როცა დაინიშნება, საგარეო საქმეთა სამინისტრო მოგვაწვდის წინასწარ მონაცემებს საპროგნოზო ლოკაციების შესახებ, სადაც შესაძლოა, გაიხსნას საარჩევნო უბნები
როდესაც არჩევნები დაინიშნება, საგარეო საქმეთა სამინისტრო მოგვაწვდის წინასწარ მონაცემებს იმ საპროგნოზო ლოკაციების შესახებ, სადაც შესაძლოა, გაიხსნას საარჩევნო უბნები, რომლებიც გამომდინარეობს ამომრჩეველთა რაოდენობიდან გამომდინარე, საუბარია აუცილებლად საკონსულო აღრიცხვაზე მყოფი ამომრჩევლების რაოდენობასთან მიმართებაში 50-დან 3000-ის ფარგლებში, – ამის შესახებ ცესკო-ს თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა განაცხადა.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განცხადებით, უცხოეთში არჩევნები დადგენილი წესის მიხედვით ტარდება.
„ეს უკვე ცენტრალური საარჩევნო კომისიისთვის ხდება საფუძველი, რომ ჩვენ კონკრეტულ ქვეყანაში, კონკრეტულ ლოკაციებზე ანუ შესაბამის დიპლომატიურ წარმომადგენლობებში შევქმნათ შესაბამისი რაოდენობის საარჩევნო უბნები. ამის შემდგომ კენჭისყრის დღემდე, არაუგვიანეს ერთი თვისა, დაზუსტებული ინფორმაციის მიღების შემდგომ ცენტრალური საარჩევნო კომისია კოლეგიურად განიხილავს ამ საკითხს და ქმნის საარჩევნო უბნებს. ამის შემდგომ, თუ აქამდე ამ საარჩევნო უბნებზე საკონსულო აღრიცხვაზე მყოფ პირებს ჰქონდათ არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა, ასევე შემოდის კიდევ დამატებით რამდენიმე დღე, შესაძლებლობა იმ ამომრჩევლისთვის, რომელსაც არ აქვს საკონსულო აღრიცხვა, მიმართონ ამ შექმნილ საარჩევნო უბნებში კომისიებს და მოითხოვონ საარჩევნო რეგისტრაცია არჩევნებში მონაწილეობის უფლების რეალიზების მიზნით. ეს არის მთელი პროცედურა. ეს არ არის გუშინ და დღეს შეტანილი ცვლილებები, უკვე მრავალი წელია, რაც უცხოეთში ამ წესის მიხედვით ტარდება არჩევნები, მათ შორის ძალიან ბევრ ევროპულ და სხვა საერთაშორისო ქვეყნის მასშტაბით, რაც, თავის მხრივ, მიუთითებს იმაზე, რომ გარკვეული ერთგვაროვნება და სტანდარტი არსებობს სხვადასხვა ქვეყანაში იმდაგვარი, რაც დღეს ქართულ რეალობაში გამოიყენება, რაც, თავის მხრივ, მიუთითებს იმაზე, რომ რაიმე ტიპის პროცედურული ამოვარდნა ან ხარვეზი, საკანონმდებლო თუ პრაქტიკული, მისი აღსრულების მიმართულებით არ არსებობს“, – განაცხადა კალანდარიშვილმა.
ამასთან, ცესკო-ს თავმჯდომარის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ყველა საარჩევნო უფლების მქონე პირს მიეცეს არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა.
„უცხოეთის ნაწილში კანონმდებლობა ადგენს შესაბამის წესს, პროცედურებს. როდესაც ვსაუბრობთ საარჩევნო უბნების საფუძვლებზე, ეს გულისხმობს, რომ საკონსულო, დიპლომატიური წარმომადგენლობების მიღმა შეიქმნას რაიმე დამატებითი საარჩევნო უბნები. ჩვენს შემთხვევაში ცენტრალური საარჩევნო კომისია არის მხოლოდ და მხოლოდ აღმსრულებელი ამ ყველაფრის იმ საკანონმდებლო მოცემულობის ფარგლებში, რასაც დღევანდელი საარჩევნო კანონმდებლობა ადგენს. რა ტიპის გადაწყვეტილებაც იარსებებს, იმ ტიპის აღსრულებას განახორციელებს. უბნების კომპლექტაცია ხორციელდება არჩევნების დანიშვნის შემდეგ ერთი თვის განმავლობაში. როგორც ჩვენი ინსტიტუცია, ისე სხვა ჩართული ინსტიტუციები თავიანთ საქმიანობას ზედმიწევნით ასრულებენ და, ბუნებრივია, არ არსებობს რაიმე საფუძველი იმისა, რომ დღეს ჩვენი საქმიანობა ამ მიმართულებით ნეგატიურად იყოს შეფასებული“, – განაცხადა კალანდარიშვილმა.