გიორგი კალანდარიშვილი - არასწორია, თითქოს პროცესი არ არის ინკლუზიური, თუ ვინმეს ჩვენთვის რამის თქმა და მოწოდება სურს, ამის ყველანაირი შესაძლებლობა აქვს
არასწორია, თითქოს პროცესი არ არის ინკლუზიური, თუ ვინმეს ჩვენთვის რამის თქმა და მოწოდება სურს, ამის ყველანაირი შესაძლებლობა აქვს, – ასე უპასუხა ცესკო-ს თავმჯდომარემ საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ყველა შეკითხვა ცესკო-ს“ წამყვანის შეკითხვას, რატომ ისმის არაერთი განცხადება არჩევნების მოსალოდნელ გაყალბებასთან დაკავშირებით და რა საფუძველი აქვს ამგვარ განცხადებებს.
„დანარჩენი, ამის მიღმა, თუ არის მხოლოდ საჯარო შეფასებებით, სხვადასხვა ვიდეო რგოლით და ფორმებით გამოხატული, რა თქმა უნდა, ეს მათი შეფასებებია. თუ ისინი მიიჩნევენ, რომ სადმე არის რამე რეალური, ობიექტური წუხილის სივრცე, რომელიც გადაზღვევას, გამოსწორებას და ყურადღების მიქცევას საჭიროებს, ვფიქრობ, ასეთ შემთხვევაში ყველაზე ჯანსაღი და სწორი ფორმაა, ერთად დავსხდეთ და ვიმსჯელოთ მის გამოსწორებაზე, მათ შორის, თუ ვინმე ფიქრობს, რომ არის რისკი რამე მანიპულაციების. დღეს ეს რისკები მინიმუმამდეა დაყვანილი და რიგ შემთხვევაში, ფაქტობრივად არ არსებობს, თუმცა ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ ყოველდღიურად გვესმის არაერთი მითი და არაერთი მანიპულაცია“, – განაცხადა კალანდარიშვილმა.
მისი თქმით, ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელმა სხვადასხვა მედია საშუალებაში ორჯერ გააკეთა ისეთი ტიპის განცხადება-შეფასება, რომელიც ძალიან საყურადღებო იყო და, რასთან დაკავშირებითაც ცესკო-მ განცხადებაც გააკეთა.
„რატომ იყო ეს საყურადღებო? ერთი მხრივ, ვიღაცამ ეს შეიძლება, შეაფასოს, თითქოს ეს მისი ინტერპრეტაცია, მისი შეფასება იყო, მაგრამ ჩვენ ვსაუბრობთ საარჩევნო პროცესზე, რომელიც არის ძალიან მგრძნობიარე, მოწყვლადი დეზინფორმაციასთან მიმართებაში და ამ ყველაფერმა შესაძლოა, ისეთი აღქმები შექმნას, რომ ამან მნიშვნელოვნად დააზიანოს საარჩევნო პროცესი. აღნიშნული პირი საუბრობდა იმაზე, რომ შესაბამისი სუბიექტის წინ არსებული წრე უნდა გაფერადდეს, რაც სიმართლეა და ასევე საუბრობდა იმაზე, რომ ფოტო-ვიდეო გადაღება არის აკრძალული და ესეც სიმართლეა, მაგრამ ამომრჩეველს მიუთითებდა, რომ თუ მის მიმართ იყო რამე ტიპის მოთხოვნა, რომ მას ხმა კონკრეტული სუბიექტისთვის უნდა მიეცა, ამომრჩეველს აკრძალვის მიუხედავად უნდა გადაეღო გამოხატული ნებისთვის ფოტო, თუ ვიდეო, შემდეგ მოეხდინა მისი გადახაზვა და მისი სასურველი პარტიისთვის შესაბამისი წრის გაფერადება. შემდგომ, ამ ნაწილში სწორად ამბობდა, ამას აპარატი ბათილად ჩათვლისო, რასაც აპარატი ნამდვილად იზამს, რადგან აპარატი არის კატეგორიული და მისთვის გამონაკლისი არ არსებობს; თუ ერთი წრე არ არის სათანადო წესით გაფერადებული და გაფერადებულია ორი, ან მეტი, ან საერთოდ არ არის, ის ბიულეტენი არის ბათილი. შემდგომ, ეს წარმომადგენელი საუბრობდა, თითქოს ხელით გადათვლისას კომისია არაგადახაზულ ნებას ჩათვლიდა ნამდვილად. ეს არის ძალიან საყურადღებო საკითხი. იმიტომ, რომ განვლილი რვა პილოტის ფარგლებში, რომელიც 2018 წლიდან დღევანდელ დღემდე ჩავატარეთ, ვნახეთ, რომ აპარატით დათვლილსა და ხელით დათვლილს შორის სხვაობა არ ყოფილა. ასეთმა მითითებამ, ინსტრუქციამ, თუ შეფასებამ შეიძლება, ამომრჩეველი შეცდომაში შეიყვანოს; როდესაც ის საარჩევნო უბანზე მივა, შესაძლოა, იმოქმედოს ამ ინსტრუქციის შესაბამისად და ის ერთი ხმა, რომელიც დამატებით გადახაზა გაფერადებასთან ერთად და დააფიქსირა ერთი ხმა, ჰგონია, რომ ჩაითვლება ხმად, მაშინ, როდესაც ის ბიულეტენი ბათილად ჩაითვლება ნებისმიერ შემთხვევაში, როგორც აპარატის მხრიდან, ასევე საუბნო საარჩევნო კომისიის მხრიდან. საუბნო საარჩევნო კომისიას არ აქვს ის დისკრეცია, წინა პილოტებისგან განსხვავებით, როდესაც შეიძლება, რაღაც იზოლირებულ გამონაკლის შემთხვევაში მიეღო გადაწყვეტილება და აპარატის მიერ ბათილად ჩათვლილი გადაეტანა ნამდვილში, რაც ფაქტობრივად, არ მომხდარა წინა შემთხვევების შემთხვევაში, იზოლირებული გამონაკლისის გარდა. ის ერთი იყო, როდესაც მთლიანად ყველა იყო გადახაზული და მაშინ გარკვეული კომპონენტი იყო დისკრეციის. დღეს ეს აღარ მოხდება“, – განაცხადა კალანდარიშვილმა.
გიორგი კალანდარიშვილმა ასევე განაცხადა, რომ კაბინაში ფოტო-ვიდეო გადაღება აკრძალულია და კაბინები ისეა რემოდელირებული, რომ ადამიანი ამას ვერ მოახერხებს, მაგრამ თუ დავუშვებთ იმას, რომ ვინმე ვინმეზე ახდენს ზეწოლას, რათა ხმა ამა თუ იმ სუბიექტის სასარგებლოდ მისცეს და ეს გადაიღოს, რაც კანონით ასევე აკრძალულია და ამომრჩეველმა გადაღება როგორღაც მოახერხა, ამას აზრი არ აქვს, რადგან ამომრჩეველმა ხმა რომ დააფიქსირა, გადაიღო და შემდეგ სხვას მისცა ხმა, რითაც კომისიას მიუთითებს, რომ ეს არის მისი ნება, მას კი ჰგონია, რომ ეს ხმა ჩაითვლება, მაგრამ რეალურად, ეს ბიულეტენი ბათილი იქნება.