გიორგი კალანდარიშვილი - ამომრჩევლებს 3 200 უბანზე ვთავაზობთ ხმის დათვლის პროცედურების დროს ვიდეოფიქსაციას, კენჭისყრის მეორე დღიდანვე დავიწყებთ ვიდეოჩანაწერების ატვირთვას
ხმის მთვლელი აპარატების გამოყენების მთავარი ხიბლი არის ის, რომ უბანი როგორც კი დაიხურება, შედეგები სულ რაღაც რამდენიმე წუთში გვექნება, – განაცხადა ცესკო-ს თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“.
„მეორე მხრივ, ეს არის შესაძლებლობა, როდესაც წესით, არც უნდა მოხვდეს, მაგრამ ჰიპოთეტურად, ასეთი შესაძლებლობის არსებობის შემთხვევაში, სხვა უბნისთვის განკუთვნილ ბიულეტენს ხმის მთვლელი აპარატი არ მიიღებს“, – განაცხადა კალანდარიშვილმა.
მისი თქმით, ეს არის მნიშვნელოვანი ტექნოლოგიური სიახლე, რომელსაც ცესკო ამ შემთხვევაში, კრწანისის ოლქში რეგისტრირებულ ამომრჩევლებს შესთავაზებს.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რით დააზღვია მან, როგორც ცესკო-ს ახალმა თავმჯდომარემ ხმის დათვლის პროცესში არსებული ხარვეზების განმეორების რისკები, კალანდარიშვილმა განაცხადა, რომ ეს რისკები პირველ რიგში, კანონმდებელმა დააზღვია.
„შარლ მიშელის შეთანხმების შედეგად ინიცირებული საარჩევნო რეფორმის ფარგლებში განხორციელებული ცვლილებებით მათ გადააზღვიეს ყველა რისკი, გამოირიცხა ყველა მანიპულაციის შესაძლებლობა და კითხვის ნიშნები, რომელიც გასულ წელთან მიმართებაში იყო. ამ ცვლილებების ფარგლებში მნიშვნელოვანი და ფუნდამენტური ცვლილებები განხორციელდა. მათ შორის, როგორიც არის მაგალითად, ხუთი შემთხვევითი შერჩევის პრინციპით გამოვლენილი საარჩევნო უბნის შედეგების გადათვლა ყველა საარჩევნო ოლქში და ამასთანავე, გავაგრძელებ იმ ტექნოლოგიური სიახლეების ნაწილს, რომლის ფარგლებშიც ჩვენ ამომრჩევლებს 3 200 უბანზე ვთავაზობთ ხმის დათვლის პროცედურების დროს ვიდეოფიქსაციას, რომლის დროსაც განხორციელდება ამ უბნებზე ხმის დათვლის მთლიანი პროცესის ვიდეო ჩაწერა. მნიშვნელოვანი და მთავარი, რაც ამ ნაწილში არის, ამ 3 200-ვე უბნის შედეგები იქნება საჯაროდ ხელმისაწვდომი. ჩვენ კენჭისყრის მეორე დღიდანვე დავიწყებთ ამ ვიდეო ჩანაწერების ატვირთვას და ეტაპობრივად, რა თქმა უნდა, ესენი იქნება ხელმისაწვდომი ყველა დაინტერესებული მხარისთვის“, – განაცხადა კალანდარიშვილმა.
როგორც კალანდარიშილმა აღნიშნა, 29 000 საუბნო საარჩევნო კომისიის წევრიდან, ამ კომისიის წევრების ადმინისტრატორების 88% მაღალი კონსენსუსით იქნა არჩეული.
„მე ჯერ არ მინახავს ადმინისტრაციაში შემოსული განცხადება-საჩივარი, სადაც საუბარი იქნება კონკრეტული მიკერძოების, ან დამოუკიდებლობის ხარისხის დარღვევის შემთხვევებზე, რომელიც ამ კომისიის წევრების მიმართ იქნება გამოვლენილი. ამიტომ, ვარაუდებით საუბარი, აფილაციები და ასოცირება მმართველ პარტიასთან, თუ სხვა პოლიტიკურ გაერთიანებასთან, ბუნებრივია, ვერ იქნება სარწმუნო გარემოება და ფაქტობრივი მოცემულობა, რის შემთხვევაშიც კონკრეტულმა საარჩევნო კომისიამ უნდა იმოქმედოს. ჩვენ ვხელმძღვანელობთ კანონმდებლობის შესაბამისად და სათანადო რეაგირება აუცილებლად გვექნება ყველა იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე კომისიის წევრის მხრიდან ადგილი ექნება კანონმდებლობით განსაზღვრული პროცედურების დარღვევას, მიკერძოების შემთხვევებს და სხვა გარემოებებს“, – განაცხადა კალანდარიშვილმა.
შეკითხვაზე, უქმნის თუ არა უხერხულობას ის ფაქტი, რომ ცესკო-ს თავმჯდომარედ ექვსი თვის ვადით არის არჩეული, რის შემდეგაც ამ თანამდებობიდან უნდა წავიდეს, კალანდარიშვილმა აღნიშნა, რომ ექვსი თვე აბსოლუტურად საკმარისია იმისთვის, რათა ქვეყანაში მუნიციპალური არჩევნები მაღალი სტანდარტების შესაბამისად ჩატარდეს.
„დღევანდელი კანონმდებლობა იმის საშუალებას იძლევა, რომ ეს არჩევნები ბევრად უკეთესად ჩატარდეს. ამასთანავე, ერთი თვე და ცოტა მეტი გავიდა, რაც მე ამ პოზიციაზე დავინიშნე და თუ საზოგადოება ჩვენს საქმიანობას თვალ-ყურს ადევნებს, ალბათ, ხედავთ უპრეცედენტო აქტივობებს, ამ აქტივობების შესახებ საზოგადოებამდე მიტანის უპრეცედენტო შემთხვევებს, გამჭვირვალობას, ინკლუზიურობას და ჩართულობას“, – განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა.