გიორგი კალანდარიშვილი - ამომრჩეველს 8 ოქტომბრის ჩათვლით აქვს შესაძლებლობა, საარჩევნო სიებში უზუსტობის აღმოჩენის შემთხვევაში, მიმართოს საარჩევნო ადმინისტრაციას და ყველა უფლებამოსილ უწყებას
ამომრჩეველს 8 ოქტომბრის ჩათვლით აქვს შესაძლებლობა, საარჩევნო სიებში უზუსტობის აღმოჩენის შემთხვევაში, მიმართოს საარჩევნო ადმინისტრაციას, სერვისების სააგენტოს და ყველა უფლებამოსილ უწყებას, რომელთა დაკავშირებითაც იქნება რამე ჩარევის საჭიროება, – ამის შესახებ ცესკო-ს თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „ყველა შეკითხვა ცესკო-ს“ განაცხადა.
„მათ შორის, არის კიდევ ერთი ვადა 5 ოქტომბერი. ამომრჩეველი რეგისტრაციის მისამართიდან თუ არის მოხსნილი, ან სააგენტოს მიერ მისი რეგისტრაციის მისამართი იქნა ძალადაკარგულად გამოცხადებული, ან ამომრჩეველი არის უმისამართო, თუ ამომრჩეველს სურს, რომ ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით მოხვდეს ამომრჩეველთა ერთიან სიაში, შესაბამისი განაცხადი უნდა გააკეთოს 5 ოქტომბრის ჩათვლით. სხვა შემთხვევაში, საარჩევნო მისამართად ავტომატურად მიეთითება მისი ბოლო მისამართი, რომელიც სააგენტოს მონაცემთა ბაზაში იყო დაფიქსირებული მასთან მიმართებით“, – განაცხადა კალანდარიშვილმა.
მისი თქმით, ასევე მნიშვნელოვანია, ამომრჩევლებმა ყურადღება მიაქციონ დოკუმენტის, პასპორტის ან ელექტრონული ID ბარათის ვალიდურობას. ცესკო-ს თავმჯდომარემ ასევე განაცხადა, რომ ადამიანი ამომრჩეველთა ერთიან სიაში საკუთარი თავის გადამოწმებისას თუ აღმოაჩენს, რომ მის მისამართზე რამდენიმე მისთვის უცნობი ადამიანია ჩაწერილი, ჩნდება ხოლმე კითხვები, რატომ არიან ეს ადამიანები ჩაწერილი მის საკუთრებაში, რატომ კითხულობს ამომრჩეველთა ერთიან სიაში ამ ადამიანების შესახებ ინფორმაციას და ა.შ.
„რიგ შემთხვევებში, ზოგიერთი ამომრჩევლის მხრიდან მანიპულაციურადაც კი ხდებოდა ამ საკითხის წამოწევა, თითქოს ეს ემსახურებოდა იმას, რომ ამომრჩეველთა სიებში გარკვეული მანიპულაციები ხდებოდა და, თავის მხრივ, გამოყენებული იქნებოდა არჩევნებზე მანიპულაციების განსახორციელებლად. მიუხედავად იმისა, რომ დღეს ვერიფიკაციის აპარატებია, ტრადიციულში ფოტოსურათებიანი სიებია, კვლავ მარკირების პროცედურაა, ამერიკულმა კომპანიამ ჩაატარა შესაბამისობის აუდიტი და დაადასტურა, რომ ორჯერ ან მეტჯერ გამორიცხულია, პირი ამომრჩეველთა ერთიან სიაში იყოს და ა.შ, ეს საკითხი მაინც კვლავ მანიპულაციის საგანი ხდება.
ერთია, რომ ეს მანიპულაციები ავირიდოთ და მეორეა, რომ ამომრჩეველი წინასწარ იყოს ინფორმირებული ამის შესახებ, ასეთ შემთხვევებს თუ აღმოაჩენს, მოგვმართოს ჩვენ, მიმართოს იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფ სერვისების სააგენტოს და გადააზუსტოს ეს ინფორმაცია. ავტომატურად როდესაც მოხდება ამ ადამიანების საარჩევნო მიზნებისთვის განსაზღვრა კონკრეტულ ლოკაციაზე, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ხორციელდება ჩაწერა და ეს არ ნიშნავს იმას, რომ სხვა რაღაც იურიდიული თუ სამართლებრივი ვალდებულებები წარმოეშობათ ერთმანეთთან მიმართებით. ეს არის წმინდა ფორმალური პროცედურა, რათა ამომრჩეველი არ დარჩეს არჩევნებში მონაწილეობის გარეშე“, – განაცხადა კალანდარიშვილმა.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, შეუძლია თუ არა პირს, რომელიც სხვა ქალაქშია ჩაწერილი, მაგრამ ცხოვრობს დედაქალაქში, ხმა დედაქალაქში მისცეს და შესაძლებელია თუ არა, საარჩევნო მიზნებისთვის ფაქტობრივ მისამართზე მოხდეს მისი რეგისტრაცია, გიორგი კალანდარიშვილმა განაცხადა, რომ პირი ხმას აძლევს იქ, რა მისამართზეც არის რეგისტრირებული.
„პირს მისი რეგისტრაციის მისამართისგან განსხვავებულ მისამართზე თუ სურს არჩევნებში მონაწილეობა, გარდა საგამონაკლისო შემთხვევებისა, როცა ადამიანი არის უმისამართო ან რეგისტრაციის მისამართიდან მოხსნილი, ფაქტობრივი საცხოვრებლის მიხედვით არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა არ აქვს. აქედან გამომდინარე, პირი თუ რეგისტრირებულია, მაგალითად, ზუგდიდში, რუსთავში, ქუთაისში და მას სურს სხვა მისამართზე, უნდა მოახდინოს სათანადო წესით შესაბამისი რეგისტრაციის პროცედურების განხორციელება, რაც შემდგომ უკვე გახდება საფუძველი, რომ სერვისების სააგენტომ ეს განახლებული ინფორმაცია შესაბამის ვადებში მოგვაწოდოს და ზუსტად ამ განახლებული ინფორმაციის მიხედვით მოხდება მისი შესაბამის საარჩევნო უბანზე განსაზღვრა.
მისამართის არქონის გამო ამომრჩეველი არ უნდა დაიჩაგროს და მას უნდა ჰქონდეს არჩევნებში მონაწილეობის, საკუთარი ნების გამოხატვის შესაძლებლობა, მაგრამ პირი თუ არ ფლობს საკუთრებას და დროებით ბინადრობას რაღაც მისამართზე ახორციელებს, თუ პროცედურას არ განახორციელებს 5 ოქტომბრის ჩათვლით, რა თქმა უნდა, საარჩევნო მიზნებისთვის მისი დროებით მიწერა მოხდება იმ ბოლო მისამართზე, რომელიც დაფიქსირებული იყო სერვისების სააგენტოში“, – განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა.
ცესკო-ს თავმჯდომარემ ასევე განაცხადა, რომ ამომრჩეველთა რაოდენობა მუშავდება და შესაბამისად, ზუსტი მონაცემი ამ ეტაპზე არ არის, თუმცა ბოლო განახლების მიხედვით, მათი რაოდენობა 3 400 000-ის ფარგლებში მერყეობს.