გიორგი კახიანის განცხადებით, საპატრიარქოში ირაკლი კობახიძის დღევანდელი შეხვედრა არჩევნებს არ უკავშირდება
საპარლამენტო უმრავლესობის წევრ გიორგი კახიანის განცხადებით, საპატრიარქოში პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის დღევანდელი შეხვედრა არჩევნებს არ უკავშირდება.
როგორც გიორგი კახიანმა აღნიშნა, საპატრიარქოს წარმომადგენლებთან შეხვედრები ხშირად იმართება.
„ჩვენ მუდმივად ვხვდებით საპატრიარქოს წარმომადგენლებს, რადგან ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რას ფიქრობენ ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით. ვფიქრობ, ასეთი დამოკიდებულება ჩვენს ქმედებებში არაერთხელ გამოჩნდა და საზოგადოებამ ეს ნახა. ესეც ამ ტიპის მიმდინარე შეხვედრა იყო. არჩევნებთან ამას არანაირი კავშირი არ ჰქონია“, – განაცხადა კახიანმა.
მისივე თქმით, შეხვედრა საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან საკითხებს ეხებოდა.
კახიანის განცხადებით, აღნიშნული შეხვედრები არც მარიხუანას კულტივაციასთან დაკავშირებულ კანონპროექტს უკავშირება, რადგან ეს საკითხი დღის წესრიგიდან მოხსნილია.
„მარიხუანას თემაზე პოზიცია ძალიან ნათლად დავაფიქსირეთ და ეს საკითხი საერთოდ მოხსნილია დღის წესრიგიდან. ეს საკითხი პარლამენტიდან გამოწვეულია. ამასთან დაკავშირებით საზოგადოებისა და საპატრიარქოს პოზიცია გავიგეთ”, – განაცხადა კახიანმა.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ საპატრიარქოში დღე შეხვედრა გამართა. არსებული ინფორმაციით, ირაკლი კობახიძე პატრიარქის თანამოსაყდრე შიოს შეხვდა.