გიორგი კახიანი - საპარლამენტო უმცირესობა აღარ არსებობს, „ევროპულმა საქართველოს“ უმცირესობის სტატუსი დაკარგა
„ევროპულ საქართველოს“ საპარლამენტო უმცირესობის სტატუსი აღარ აქვს.
როგორც ჟურნალისტებს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი კახიანმა განუცხადა, საპარლამენტო ფრაქციებში გარკვეული ცვლილებები განხორციელდა, რამაც „ევროპული საქართველოსთვის“ საპარლამენტო უმცირესობის სტატუსის დაკარგვა გამოიწვია.
მისი თქმით, ამ დროისთვის საპარლამენტო უმრავლესობაში 108 წევრია.
„უმცირესობის შესაქმნელად საჭიროა 21 წევრის გაერთიანება. „ევროპულ საქართველოში“ 20 წევრია, რაც იმას ნიშნავს, რომ უმცირესობის სტატუსი დაკარგეს. პარლამენტში დღეს უმცირესობა აღარ არსებობს. ასევე, ფრაქცია „სოციალ-დემოკრატები“ დაიშალა, მათი ორი წევრი „პატრიოტთა ალიანსში“ გაერთიანდა“, – განაცხადა კახიანმა.
დეპუტატის ცნობით, ახალი კონფიგურაციის შედეგად, კომიტეტებსა და მუდმივმოქმედ დელეგაციებში კვოტები თავიდან გადანაწილდება.
„ნებისმიერი წევრი, რომელიც უმრავლესობას დატოვებს, დანაკლისია, მაგრამ უმრავლესობის დაშლა რეალობასთან ახლოსაც კი არ არის, რადგან ჩვენს გუნდში 108 წევრია. უმრავლესობა რომ
დაიშალოს, 76-ზე ნაკლები დეპუტატი უნდა იყოს. ასეთი მოცულობისგან რეალობა შორსაა, რადგან მყარი უმრავლესობა არსებობს“, – განუცხადა გიორგი კახიანმა ჟურნალისტებს.