გიორგი კახიანი - საპარლამენტო სხდომებზე უმრავლესობის დასწრების მაჩვენებელი 82%-ია, უმცირესობის - 47%, ნაციონალების - 33%, „პატრიოტების“ - 56%
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი კახიანი ფიქრობს, რომ უმჯობესია, მოქმედი რეგლამენტიდან „ოჯახური მდგომარეობის“ თაობაზე არსებული ჩანაწერი ამოიღონ, რასაც დეპუტატები პლენარული და რიგგარეშე სხდომების გაცდენისას საპატიო მიზეზად უთითებენ.
პირველ არხთან საუბარში გიორგი კახიანი ყურადღებას პარლამენტის სხდომებზე კანონმდებელთა დასწრების სტატისტიკაზე ამახვილებს და განმარტავს, რომ კომიტეტის ფარგლებში იმის ანალიზი გაკეთდა, პოლიტიკური ჯგუფების მიხედვით, როგორია სხდომებზე დასწრების მონაცემები.
დეპუტატის ინფორმაციით, მიმდინარე წლის საგაზაფხულო სესიაზე 32 სხდომა ჩატარდა, სადაც საპარლამენტო უმრავლესობის დასწრების პროცენტული მაჩვენებელი – 82 პროცენტი იყო, „ევროპული საქართველოს“ – 47 პროცენტი, „ნაციონალური მოძრაობის“ – 33 პროცენტი, „პატრიოტთა ალიანსის“ – 56 პროცენტი.
„ჩანს, რომ უმრავლესობას საუკეთესო მაჩვენებელი აქვს, თუმცა როცა ზოგადად, სხდომებზე დასწრება-არდასწრებაზე ვმსჯელობთ, ბუნებრივია, საუბარი მთელი პარლამენტის შემადგენლობას შეეხება. უმრავლესობასთან მიმართებაში დასწრების ნორმალური მაჩვენებელია, რადგან 82 პროცენტი დაბალი არ არის. რაც შეეხება ოპოზიციას, ამ შემთხვევაში მდგომარეობა ბევრად უფრო რთულია“, – აღნიშნავს დეპუტატი.
კახიანი აქცენტს სხდომების გაცდენის საპატიო და არასაპატიო მიზეზებზეც აკეთებს და ამბობს, რომ სხდომის გაცდენის სამი საპატიო მიზეზი არსებობს, რომელთა შორის არის – მივლინება, ავადმყოფობა, ოჯახური მდგომარეობა.
„უმრავლესობის საპატიო გაცდენების მაჩვენებელია – 15 პროცენტი, უმცირესობას – 52 პროცენტი, „ნაციონალური მოძრაობის“ – 65 პროცენტი, „პატრიოტთა ალიანსის“ – 42 პროცენტი. ტენდენცია, რომელიც წინა მოწვევის პარლამენტებში არსებობდა, რომ საპატიო გაცდენების უმეტესი ნაწილი „ოჯახური მდგომარეობის“ გამო იყო, ეს ტენდენცია თითქოს შენარჩუნებულია. ოჯახური მდგომარეობის ჩანაწერით ზოგიერთი დეპუტატი ისევ სარგებლობს. იკვეთება სურათი, რომ საპატიო გაცდენების საპატიო მიზეზად პოლიტიკური ძალების უმრავლესობას მითითებული სწორედ ოჯახური მდგომარეობა აქვს. საუბარია იმაზე, რომ ოჯახური მდგომარეობის ჩანაწერის გამოყენების რაღაც რაოდენობა დადგინდეს, მაგრამ პირადად მე, ასეთ რეგულირებას ვამჯობინებ, რომ რეგლამენტიდან ოჯახური მდგომარეობის ჩანაწერი საერთოდ ამოღებული იყოს. წინა მოწვევის პარლამენტში მსგავსი პროექტი ინიცირებული გვქონდა, როცა რეგლამენტიდან ოჯახური მდგომარეობა საერთოდ ამოღებული იყო, როგორც საპატიო მიზეზი“, – აცხადებს კახიანი.
კანონმდებლის ცნობით, რეგლამენტში არსებული სანქციის ამოქმედება აქტიურად ნოემბრიდან დაიწყება, რომელიც სხდომების გაცდენისთვის დეპუტატის ხელფასიდან თანხის დაკლებას ითვალისწინებს.
„პარლამენტის თავმჯდომარემ განცხადება გააკეთა, რომ სანქციების აღსრულებაზე კონტროლი გამკაცრდება. იმ შემთხვევაში, თუ გაცდენების გამო ამა თუ იმ პარლამენტის წევრს შესაბამისი სანქცია დაეკისრება, სანქციების გამოყენება აუცილებლად მოხდება. ამ თვალსაზრისით, ნოემბრიდან ბევრად უფრო მკაცრი მიდგომა იქნება. ვერ გეტყვით, ფინანსური სანქციის ამოქმედება რამდენად გამოიღებს შედეგს, მაგრამ გარკვეულწილად მაღალ სტანდარტს დაადგენს იმისათვის, რომ დასწრების მაჩვენებელი უფრო გაზრდილი იყოს, ვიდრე დღეს არის“, – აცხადებს კახიანი.
როგორც წინა მოწვევის პარლამენტში, ასევე მეცხრე მოწვევის პარლამენტშიც კვორუმის პრობლემაა, მიზეზი დეპუტატთა დისციპლინაა, რადგან კანონმდებელთა ნაწილი სხდომაზე ან მისვლას აგვიანებს, ან სხდომას აცდენს.