გიორგი კახიანი - სალომე ზურაბიშვილი რადიკალების თავში დადგება თუ ბოლოში, საზოგადოების ნდობა არ აქვთ
სალომე ზურაბიშვილი რადიკალების ლიდერად ჩამოყალიბებას ცდილობს. ამ რადიკალების თავში დადგება თუ ბოლოში, არაფერი იცვლება, მათ საზოგადოების ნდობა არ აქვთ, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გიორგი კახიანმა განაცხადა.
მისი თქმით, ოპოზიციას კარგად ესმის, ხელისუფლებაში არჩევნებით მათი მოსვლის შანსი, ფაქტობრივად, არ არსებობს, მათი მცდელობაა რევოლუციური გზით ხელისუფლებაში მოსვლა.
„სალომე ზურაბიშვილი რადიკალების ლიდერად ჩამოყალიბებას ცდილობს და ამას ყველა კარგად ხედავს. თავადვე განაცხადა, მე ვარ თქვენი ლიდერიო და არჩევნებზე ყველა უკან უნდა გამომყვეთო. რადიკალურ ოპოზიციას რა რეაგირება ექნება, ვერ გეტყვით, მაგრამ სალომე ზურაბიშვილი ამ რადიკალების თავში დადგება თუ ბოლოში, ამით არაფერი იცვლება, რადგან მათ საზოგადოების ნდობა არ აქვთ. ოპოზიციას კარგად ესმის, რომ ხელისუფლებაში არჩევნებით მათი მოსვლის შანსი, ფაქტობრივად, არ არსებობს. ამიტომ მათი მცდელობაა რევოლუციური გზით ხელისუფლებაში მოსვლა. ქუჩებში სწორედ ამას ვხედავთ, აკერმანის სახელმძღვანელოს მიხედვით სწორედ ასეთი პროცესების განვითარებას ცდილობენ, თუმცა ყველა ხედავს, რომ საზოგადოების უდიდესი მხარდაჭერა ხელისუფლებას აქვს, ამიტომ ვერანაირი რევოლუციური სცენარი ვერ განხორციელდება“, – განაცხადა კახიანმა.