გიორგი კახიანი - პრეზიდენტის მიერ საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვა იმ აბსურდულ მდგომარეობას აჩვენებს, რაშიც სალომე ზურაბიშვილი თავისი ქმედებებიდან გამომდინარე მოექცა
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონზე პრეზიდენტმა საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა, რაც იმ აბსურდულ მდგომარეობას აჩვენებს, რაშიც სალომე ზურაბიშვილი თავისი ქმედებებიდან გამომდინარე მოექცა, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გიორგი კახიანმა განაცხადა.
მისი თქმით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ მსგავსი კანონი მსოფლიოს დემოკრატიული სახელმწიფოების უმეტესობაში არსებობს, ქვეყნების ნაწილში კი მას ახლა იღებენ.
„„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ მსგავსი კანონი მსოფლიოს დემოკრატიული სახელმწიფოების უმეტესობაში არსებობს, სადღაც კანონს ახლა იღებენ და სადღაც უკვე მიღებულია. ჩვენ მიერ მიღებული კანონი უფრო მსუბუქია თავისი რეგულაციებით. განხილვის პროცესში ვერ მოვისმინეთ ვერცერთი არგუმენტი მის არაკონსტიტუციორობაზე. ოპოზიცია ცდილობდა, შინაარსობრივ მსჯელობასა და დებატებში არ შემოსულიყო, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ამ კანონში არაკონსტიტუციური არაფერია“, – განაცხადა გიორგი კახიანმა.
მისი თქმით, საქართველოს პრეზიდენტმა საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა, რაც იმ აბსურდულ მდგომარეობაზე მიანიშნებს, რომელშიც სალომე ზურაბიშვილი თავისი ქმედებებიდან გამომდინარე მოექცა.
„პრეზიდენტმა საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა, ეს მაშინ, როცა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით პრეზიდენტის ქმედებებში არაკონსტიტუციურობის ნიშნები იყო და სალომე ზურაბიშვილმა თქვა, რომ საკონსტიტუციო სასამართლო იყო არაკონსტიტუციური და მას არ ცნობდა. ახლა პრეზიდენტს მისთვის მიმართვა მოუწია. ეს იმ აბსურდულ მდგომარეობას აჩვენებს, რაშიც ის თავისი ქმედებებიდან გამომდინარე მოექცა“, – განაცხადა გიორგი კახიანმა.