გიორგი კახიანი - ოპოზიციის მხრიდან ერთი კანდიდატის წარდგენა დამღუპველი იქნება იმ პოლიტიკური ჯგუფებისთვის, რომლებიც ჯერ კიდევ არ ასოცირდებიან „ნაციონალურ მოძრაობასთან“
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, გიორგი კახიანის განცხადებით, საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა ქვეყანაში არსებული საგანგებო მდგომარეობის გამო შეჩერებული იყო, თუმცა საგანგებო მდგომარეობის დასრულების შემდეგ, ცვლილებების ჯერ საყოველთაო-სახალხო განხილვა, შემდგომ კი, საპარლამენტო განხილვები გაიმართება.
„თუ ოპოზიციის მხრიდანაც იქნება მხარდაჭერა, ივლისის მეორე ნახევარში ჩვენ გვექნება კონსტიტუციაში ასახული მიღწეული შეთანხმება“, – განაცხადა გიორგი კახიანმა „იმედის“ ეთერში.
მისი თქმით, შეთანხმების შედეგად, პოლიტიკური პარტიებისთვის გადასალახი მინიმალური ბარიერი ერთ პროცენტიანია.
ამასთან, ბლოკების გაერთიანებასთან დაკავშირებით კახიანი განმარტავს, რომ ესეც იყო ოპოზიციის მოთხოვნა, რომელსაც ხელისუფლებამ მხარი დაუჭირა.
„ხელისუფლებისთვის დიდი მნიშვნელობა არ აქვს, ოპოზიცია საარჩევნო ოლქში საერთო კანდიდატს დააყენებს, თუ ცალ-ცალკე. ვფიქრობ, ამ არჩევნებში ჩვენ მაინც გავიმარჯვებთ, მაგრამ ის თამაში, რომ ოპოზიციას ერთი კანდიდატი უნდა ჰყავდეს, არის „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან სხვა პოლიტიკურ პარტიებზე თავსმოხვეული თემა, რადგან ასეთი მიდგომა მათ აწყობთ. ეს იქნება დამღუპველი იმ პოლიტიკური ჯგუფებისთვის, რომლებიც ჯერ კიდევ არ ასოცირდებიან „ნაციონალურ მოძრაობასთან“, – აღნიშნა გიორგი კახიანმა.