გიორგი კახიანი - ნიკა მელიასთვის დეპუტატობის შეწყვეტაზე დადგენილების არგასაჩივრება კიდევ ერთხელ გვაფიქრებინებს, რომ პარლამენტის გადაწყვეტილება სწორი იყო
საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერ გიორგი კახიანის განცხადებით, „ნაციონალურ მოძრაობას“ ნიკა მელიასთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე პარლამენტის დადგენილება ამ დრომდე არ გაუსაჩივრებია, რაც კიდევ ერთხელ აფიქრებინებთ, რომ გადაწყვეტილება სწორი იყო.
კახიანის თქმით, ვინაიდან „ნაციონალურმა მოძრაობამ“ საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრების უფლებით არ ისარგებლა, მიუთითებს იმაზე, რომ არა მხოლოდ მმართველი პარტია, თავად ოპოზიციაც ამავეს ფიქრობს.
„კითხვა იცით, რაზე მიჩნდება? შეიძლება, ლოგიკა იყოს იმაში, რომ სანამ სამივე ინსტანციას მოივლის ეს პროცესი, დიდი დრო გავა, არ ელოდებიან ამას და ადგილმონაცვლე იქნა წარმოდგენილი, მაგრამ როდესაც ამბობენ, რომ პარლამენტმა არასწორად შეუწყვიტა უფლებამოსილება ნიკანორ მელიას, მათ აქვთ ძალიან მარტივად იმის უფლება, პარლამენტის ეს დადგენილება გაასაჩივრონ საკონსტიტუციო სასამართლოში, საკონსტიტუციო სასამართლო უმოკლეს ვადაში მიიღებს ამაზე შესაბამის დასკვნას. უბრალოდ, ამ უფლებითაც რომ არ ისარგებლეს, მე ეს კითხვა გამიჩნდა. ანუ, ეს კიდევ ერთხელ გვაფიქრებინებს იმას, რომ პარლამენტის გადაწყვეტილება იყო სწორი და არა მხოლოდ სწორი, არამედ ისინიც ხვდებიან ამას, რომ პარლამენტის გადაწყვეტილება იყო სწორი და იმიტომ არ ისარგებლეს ამ უფლებით, არ მიმართეს საკონსტიტუციო სასამართლოს“, – განაცხადა გიორგი კახიანმა.
ეს განცხადება გიორგი კახიანმა საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომაზე გააკეთა, სადაც ნიკანორ მელიას ადგილმონაცვლის, ბადრი ბასიშვილის უფლებამოსილების ცნობის შესახებ საკითხი განიხილეს და დაამტკიცეს.