გიორგი კახიანი - „ნაციონალურ მოძრაობას“ არ აქვს იმდენი პოლიტიკური ღირსება, რომ მარცხი აღიაროს, სხვა პარტიები, რომლებიც თამაშში აჰყვნენ, გარკვეულწილად ალბათ მათ ტყვეობაში იმყოფებიან
მმართველი გუნდის წევრის, გიორგი კახიანის განცხადებით, გარკვეული დაძაბულობის შექმნა და შემდეგ არჩევნების გაყალბებაზე საუბარი ოპოზიციის სცენარის ნაწილია, რომლის შესახებაც „ქართული ოცნება“ ჯერ კიდევ არჩევნებამდე მიუთითებდა.
მისივე თქმით, ოპოზიციის მხრიდან არჩევნების გაყალბების შესახებ უსუსური და უსაფუძვლო შეფასებები ისმის.
„ჩვენ ოპოზიციის ქმედებებზე ვსაუბრობდით არჩევნების დღესაც და არჩევნებამდეც. ვამბობდით, რომ ეს იქნებოდა მათი სცენარი გარკვეული დაძაბულობის შექმნის, შემდეგ საუბარი იმაზე, თითქოს არჩევნები გაყალბდა. ეს სცენარი ვითარდება. ამაში არაფერი ახალი არ არის. საზოგადოების დიდი ნაწილისთვისაც განსკუთრებული სიახლე არ უნდა იყოს, რადგან როგორი პოლიტიკური ბუნების მატარებელია ის რადიკალური ოპოზიცია „ნაციონალური მოძრაობის“ სახით, მე მგონი, ყველამ კარგად იცის. ყველას ძალიან კარგად გვესმოდა, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ არ აქვს იმდენი პოლიტიკური ღირსება, რომ მან მარცხი აღიაროს, ეს გუნდი მას ვერასდროს შეძლებს. სამწუხაროდ, ამ თამაშში არიან აყოლილი სხვა პარტიები, რომლებსაც შედარებით ნაკლები მხარდაჭერა აქვთ.
გარკვეულწილად ალბათ „ნაციონალური მოძრაობის“ ტყვეობაშიც კი იმყოფებიან. ვნახოთ, პროცესი ჩვეულებრივად მიმდინარეობს, მეორე ტურამდე კიდევ სამი კვირაა. დარწმუნებული ვარ, იმ ფონზე, როდესაც, ფაქტობრივად, მთელმა საერთაშორისო თანამეგობრობამ აღიარა ლეგიტიმაცია პროპორციული არჩევნების და მაჟორიტარულ ნაწილში არჩევნების პირველი ტურის, და იმ ფონზე, როდესაც სრულიად უსუსურ, უსაფუძვლო შეფასებებს ვისმენთ მათი მხრიდან, ვითომდა გაყალბების შესახებ, ყველა შემთხვევაში, პროცესების ასეთი განვითარება მათ პოლიტიკურ ჩიხამდე მიიყვანს, ამას მალე მიხვდებიან და დარწმუნებული ვარ, ჩვეულებრივ რეჟიმს დაუბრუნდებიან“, – განაცხადა გიორგი კახიანმა.