გიორგი კახიანი - მნიშვნელოვანი პოტენციალი გვაქვს, შვეიცარიასთან სავაჭრო ურთიერთობები განვავითაროთ, ევროპაში ერთ-ერთი განვითარებული ქვეყანაა, რომლისგანაც ბევრის გადმოღება შეგვიძლია
შვეიცარიის კონფედერაციაში პარლამენტის თავმჯდომარის ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი ვიზიტი იქნება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გიორგი კახიანმა განაცხადა, რომელიც, საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად, შვეიცარიის კონფედერაციასა და ლიხტენშტაინის სამთავროში ვიზიტით გაემგზავრა.
მისი თქმით, შეხვედრები გაიმართება შვეიცარიის ორივე პალატის თავმჯდომარესთან, ასევე საგარეო საქმეთა მინისტრთან.
„შვეიცარია საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს მტკიცედ უჭერს მხარს. შვეიცარიასთან საქართველოს ძალიან კარგი ურთიერთობა აქვს. ბუნებრივია, ასეთი შეხვედრებით ქვეყნებს შორის ურთიერთობები უნდა განვავითაროთ. მნიშვნელოვანი პოტენციალი გვაქვს, რომ შვეიცარიასთან სავაჭრო ურთიერთობები განვავითაროთ. მათ შორის, ტურიზმის ნაწილში შეიძლება ურთიერთობების კიდევ განვითარება. შვეიცარია საინტერესო სახელმწიფოა იმ თვალსაზრისით, რომ დიდი გამოცდილების, ევროპაში ერთ-ერთი განვითარებული ქვეყანაა, რომლისგან ბევრი რაღაცის გადმოღება შეგვიძლია“, – განაცხადა გიორგი კახიანმა.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად, ოფიციალური ვიზიტით შვეიცარიის კონფედერაციასა და ლიხტენშტაინის სამთავროში გაემგზავრა.