გიორგი კახიანი - ევროკავშირის ანგარიში ერთგვარი აღიარებაა, რომ საქართველო რეგიონში დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით ლიდერი ქვეყანაა
საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი გიორგი კახიანი „საქართველოს მიერ ასოცირების პროცესის განხორციელების შესახებ“ ევროკავშირის მეოთხე ანგარიშს გამოეხმაურა.
გიორგი კახიანის შეფასებით, ევროკავშირის ანგარიში ერთგვარი აღიარებაა, რომ საქართველო რეგიონში არის ლიდერი ქვეყანა დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით.
„ევროკავშირის ანგარიში კიდევ ერთი დასტურია, რომ საქართველოს მხარდაჭერა აქვს როგორც ევროპელი კოლეგების მხრიდან, ასევე ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან. ამაზე ის ანგარიში მეტყველებს, რომელიც ევროკავშირის მიერ ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა და თუნდაც ის მაღალი დონის შეხვედრები, რაც ამერიკაში მიმდინარეობს. ეს ერთგვარი აღიარებაა, რომ საქართველო რეგიონში არის ლიდერი ქვეყანა როგორც დემოკრატიის, ასევე ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით. ეს დასკვნა არის ამის დასტური“, – განაცხადა გიორგი კახიანმა.
,,საქართველოს მიერ ასოცირების პროცესის განხორციელების შესახებ“ მეოთხე ანგარიში დღეს გამოქვეყნდა. ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველო ასოცირების შესახებ შეთანხმების ფარგლებში აღებული ვალდებულებების შესრულების ერთგული რჩება. თუმცა, მნიშვნელოვანია, რომ მომავალი თვეების განმავლობაში საქართველომ გაანეიტრალოს მზარდი პოლიტიკური პოლარიზაცია და გამოხატოს მიმდინარე რეფორმების გატარების მზაობა, განსაკუთრებით საარჩევნო და სასამართლო რეფორმების სფეროებში.