გიორგი კახიანი - 18 სამინისტროს რაოდენობა 13-მდე თუ შემცირება, მთავრობას ნდობის გამოცხადება თავიდან დასჭირდება 
გიორგი კახიანი - 18 სამინისტროს რაოდენობა 13-მდე თუ შემცირება, მთავრობას ნდობის გამოცხადება თავიდან დასჭირდება 

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, გიორგი კახიანის განმარტებით, იმ შემთხვევაში, თუ 18 სამინისტროს რაოდენობა 13 სამინისტრომდე შემცირება, მთავრობას ნდობის გამოცხადება თავიდან დასჭირდება.

პირველ არხთან საუბარში გიორგი კახიანი სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით მედიით გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ვიდრე პრემიერ-მინისტრი შესაბამის განცხადებას არ გააკეთებს, მანამდე მხოლოდ ვარაუდების გამოთქმა შეიძლება.

“იმ შემთხვევაში, თუ მთავრობის შემადგენლობაში განახლება ხდება და მთავრობის შემადგენლობის 1/3 იცვლება, კონსტიტუციით ამ შემთხვევაში, მთავრობა პარლამენტის მხრიდან ნდობის გამოცხადებას თავიდან საჭიროებს. ამასთან, კონსტიტუციით, ასეთი განახლების შემთხვევაში, საქართველოს პრეზიდენტი ერთი კვირის ვადაში პარლამენტს ნდობის მისაღებად მთავრობის შემადგენლობას წარუდგენს. წარდგენიდან ასევე ერთკვირიანი ვადა აქვს პარლამენტს მთავრობის შემადგენლობაზე იმსჯელოს”, – განაცხადა კახიანმა.

მოქმედი კონსტიტუციით, საკანონმდებლო ორგანოში მთავრობის შემადგენლობასთან ერთად წარდგენილი სამთავრობო პროგრამა უნდა იყოს.

რაც შეეხება პროცედურებს, მას შემდეგ, რაც მთავრობის განახლებული შემადგენლობა პარლამენტის ბიუროს ოფიციალურად წარედგინება, მინისტრობის კანდიდატებთან შეხვედრა როგორც კომიტეტების ფორმატში, ასევე ფრაქციების რეჟიმში წარიმართება. აღნიშნული ფორმატის შემდეგ, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, მინისტრობის კანდიდატები პლენარულ სხდომაზე წარსდგებიან, სადაც როგორც წესი, პოლიტიკური დებატები იმართება. მთავრობის განახლებულ შემადგენლობას ნდობის მისაღებად 76 დეპუტატის ხმა დასჭირდება.