გიორგი კაკაურიძე რომან გოცირიძეს - სანქციების დამწესებელი ქვეყნების წარმომადგენლები ამბობენ, რომ ხელისუფლება აკეთებს მაქსიმუმს, სამწუხაროა, რომ შეგნებულად შეგყავთ შეცდომაში საზოგადოება
გიორგი კაკაურიძე რომან გოცირიძეს - სანქციების დამწესებელი ქვეყნების წარმომადგენლები ამბობენ, რომ ხელისუფლება აკეთებს მაქსიმუმს, სამწუხაროა, რომ შეგნებულად შეგყავთ შეცდომაში საზოგადოება

ქვეყანა რუსეთზე მნიშვნელოვნად დამოკიდებული არ არის და არ იქნება დამოკიდებული მსგავს სავაჭრო პარტნიორზე, თუმცა საერთოდ რომ დაიხუროს რუსეთთან ვაჭრობა, დაახლოებით განახევრდებოდა ან უფრო ნაკლები გვექნებოდა ეკონომიკური ზრდა. ნაცვლად 10%-იანი ეკონომიკური ზრდისა, მივიღებდით ოთხიდან ხუთ პროცენტამდე ზრდას, რაც ჩვენი ქვეყნისთვის ნამდვილად არ იქნებოდა კარგი, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ რომან გოცირიძის განცხადების საპასუხოდ აღნიშნა.

რაც შეეხება რომან გოცირიძის განცხადებას ევროკავშირიდან და აშშ-დან სანქციების ჯგუფის ორი ხელმძღვანელის ჩამოსვლასთან დაკავშირებით, კაკაურიძის თქმით, გოცირიძე ცდილობს, საზოგადოება განზრახ შეიყვანოს შეცდომაში.

„სანქციების კოორდინატორმა ისაუბრა, რომ საქართველო ყველაფერს აკეთებს და საქართველოში არის სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს სანქციების გვერდის ავლისთვის მაქსიმალურ დაცვას, ხდება ამ სისტემის გაუმჯობესება როგორც უშუალოდ სანქციების დამწესებელ ქვეყნებში, ასევე საქართველოში. ძალიან მადლიერები არიან და მადლობის მეტი არაფერი მოგვისმენია მათგან იმასთან დაკავშირებით, რა ნაბიჯები გადაიდგა საქართველოს ხელისუფლების მხრიდან. თქვენ კიდევ შეგნებულად იძახით, რომ სანქციების გვერდის ავლით საქართველოდან რუსეთში მიემართება სხვადასხვა საქონელი, რაც ახანგრძლივებს უკრაინაში ომს. ეს არის ტყუილი, რომელიც არაერთხელ უკვე რამდენიმე ადამიანისგან მოვისმინე. როდესაც ჩამოდიან იმ ქვეყნების წარმომადგენლები, რომლებსაც დაწესებული აქვთ სანქციები და პირდაპირ ამბობენ, რომ საქართველოს ხელისუფლება აკეთებს მაქსიმუმს სანქციების გვერდის ავლისთვის თავის ასარიდებლად, ძალიან სამწუხაროა, რომ თქვენ მაინც იმავეს იმეორებთ და შეგნებულად შეგყავთ შეცდომაში საზოგადოება. მით უმეტეს, სამწუხაროა ისეთი ადამიანისგან, რომელმაც იცის თუნდაც ეკონომიკისთვის რამდენად საზიანოა მსგავსი განცხადებები“, – აღნიშნა გიორგი კაკაურიძემ.

რომან გოცირიძემ სანქციების საკითხზე განაცხადა: „ევროკავშირიდან და აშშ-დან სანქციების ჯფუფის ორი ხელმძღვანელია ჩამოსული, რა უნდათ საქართველოში, თუ პრობლემა არ არის?“ მისივე თქმით, ხელისუფლება ბევრ რამეზე ტრაბახობს რუსეთთან ვაჭრობისა თუ სხვა ეკონომიკური საქმიანობის გააქტიურებით უკრაინაში ომის გახანგრძლივების ხარჯზე, რაც უზნეო საქციელია.