გიორგი კაკაურიძე - წინასწარი მონაცემებით, გურიაში 300-ზე მეტი სახლი საცხოვრებლად უვარგისია, 500-მდე სახლის შესწავლა კი მიმდინარეობს, სარეზერვო ფონდიდან მოხდება კომპენსაციების დაფინანსება
საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილის, გიორგი კაკაურიძის განცხადებით, შოვსა და გურიაში სტიქიის დროს დაღუპულთა ოჯახები 20-ათასლარიან კომპენსაციას მიიღებენ. მისივე თქმით, უკვე დადასტურებულია, რომ გურიაში 300-ზე მეტი ოჯახი საჭიროებს გასახლებას, პარალელურად კი, სახლების შემოწმება გრძელდება. გიორგი კაკაურიძე განმარტავს, რომ კომპენსაციების დაფინანსება სარეზერვო ფონდიდან მოხდება.
„მთავრობამ ბიუჯეტი როცა განიხილა, პრემიერ-მინისტრმა კომპენსაციებზე გააკეთა განცხადება და შემიძლია, ეს განცხადება გავიმეორო. დაღუპულებთან მიმართებაში არის 20-ათასლარიანი კომპენსაცია. სამწუხაროდ, ჩვენი მოქალაქეები დაიღუპნენ როგორც შოვში, ასევე, შემდეგ – გურიაში. რაც შეეხება კომპენსაციის მეორე ნაწილს, ეს იქნება საცხოვრებელი სახლები გურიაში. ზუსტი რაოდენობა არ ვიცით. წინასწარი მონაცემებით, 300-ზე მეტი სახლი საცხოვრებლად უვარგისია. 500-მდე სახლის შესწავლა მიმდინარეობს. უკვე დადასტურებულია, რომ 300-ზე მეტი საჭიროებს გასახლებას. შესაბამისად, როდესაც ვსაუბრობთ, რომ სარეზერვო ფონდი იზრდება, სარეზერვო ფონდიდან მოხდება ამ კომპენსაციების დაფინანსება.
ჩვენ გვაქვს რამდენიმე პროგრამა, მათ შორის, ეკომიგრანტების შემთხვევაში, მათ შეუძლიათ, თვითონ იპოვონ სახლი, ჩვენ ვანაზღაურებთ ან ჩვენ ვყიდულობთ. დიდი ალბათობით, მშენებლობას ვერ დავიწყებთ, რადგან საკმაო დროს წაიღებს. როგორც კი გვეცოდინება სახლების ზუსტი რაოდენობა, საიდანაც გამოსახლება იქნება აუცილებელი, ფულადი კომპენსაცია იქნება ან დაზარალებული სახლს შეიძენს და ჩვენ იმის ანაზღაურებას უზრუნველვყოფთ. თუ არ ვცდები, ერთი თვის ვადაში უკვე უნდა იყოს სრული სურათი. დაახლოებით იმავე ღირებულების სახლი, რაც იყო, შეფასდება და შეფასების შესაბამისად უნდა მოხდეს ანაზღაურება. ეს არის როგორც ლანჩხუთის, ასევე ოზურგეთის მუნიციპალიტეტი. იქაც არის დაზიანებული სახლები“, – განაცხადა გიორგი კაკაურიძემ დიასპორისა და კავკასიის საკითხთა, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე, სადაც 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ცვლილებები განიხილებოდა.