გიორგი კაკაურიძე - წელს რთველის დაფინანსება 100 მილიონი ლარით იზრდება
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაფინანსება 177 მილიონი ლარით იზრდება და ეს ზრდა დაკავშირებულია რამდენიმე პროგრამასთან, მათ შორის, პირველ რიგში არის რთველი, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, წელს რთველის დაფინანსება 100 მილიონი ლარით იზრდება და ჯამში შეადგენს 138 მილიონ ლარს.
„მოგეხსენებათ 2016 წლის მერე დაწყებული იყო ეტაპობრივი გამოსვლა ამ პროგრამიდან და 2019 წელს ფაქტობრივად ბიუჯეტიდან თანხები არ დახარჯულა, თუმცა 2020 წელს პანდემიამ გამოიწვია საკმაოდ მნიშვნელოვანი შემცირება მოთხოვნის კუთხით ბაზარზე, რამაც გაართულა ამ სექტორში სიტუაცია და ჩვენი ჩარევის გარეშე საკმაოდ მძიმე ვითარება იქნებოდა სექტორში დასაქმებული ადამიანებისთვის, ამიტომ ჩვენ მოგვიწია როგორც გასულ წელს, ასევე წელსაც თანხების გათვალისწინება“, – განაცხადა კაკაურიძემ.
პარლამენტში აგრარულ საკითხთა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების, ევროპასთან ინტეგრაციის და რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტების ერთობლივი სხდომა იმართება, რომელზეც 2021 წლის ბიუჯეტში შესატან ცვლილებებს განიხილავენ.