გიორგი კაკაურიძე - სამწუხაროა, რომ ოპოზიციის ნაწილმა საერთოდ არ მიიღო მონაწილეობა ბიუჯეტის განხილვაში, ნაწილმა მხარი არ დაუჭირა პროექტს, რომელიც ემსახურება პანდემიის ეფექტურ მართვას და ეკონომიკური დანაკარგის სწრაფ აღდგენას
საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძემ პარლამენტს 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ცვლილებების მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
კაკაურიძის თქმით, ბიუჯეტში ცვლილებები სამ ძირითად მიზანს პასუხობს:
„მართლაც მნიშვნელოვანი ცვლილებები იყო. ჩვენ ეკონომიკის სწრაფი აღდგენა გვაქვს. ველოდებით 7,7-პროცენტიან ეკონომიკურ ზრდას, რამაც მოგვიტანა დამატებითი შემოსავლები და ჩვენ ბიუჯეტში ცვლილებებით გვინდოდა სამი ძირითადი მიზნისთვის გვეპასუხა. ეს იყო საბიუჯეტო დეფიციტის შემცირება, რაც აუცილებელია გრძელვადიანი ეკონომიკური განვითარებისთვის. მეორე იყო ეკონომიკის აღდგენაში ფისკალური ხელშეწყობა, რაც გამოიხატა ინფრასტრუქტურული პროექტების, სოფლის მეურნეობის მხარდამჭერი და ეკონომიკის წარმოებული სექტორების მხარდამჭერი პროგრამების ზრდაში.
მესამე, წელს ალბათ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება ჯანდაცვის ხარჯების დაფინანსებაა. პანდემიიდან გამომდინარე ჩვენ გვიწევს, გაცილებით მეტი მოცულობით დავაფინანსოთ ჯანდაცვის ხარჯები, ვიდრე ეს თავდაპირველად იყო ბიუჯეტში ასახული. რა თქმა უნდა ამ თანხაში იგულისხმება არა მხოლოდ მკურნალობის ხარჯები, არამედ ვაქცინაცია“, – განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.
გიორგი კაკაურიძე განმარტავს, რომ მხოლოდ ვაქცინაციისთვის ბიუჯეტში 150 მილიონ ლარზე მეტია გათვალისწინებული.
„სრულყოფილად არის დოზების მობილიზება, რათა ზრდასრული მოსახლეობის 60 პროცენტი იყოს აცრილი. ძალიან მნიშვნელოვანია, ვაქცინაციის პროცესში ჩაერთოს რაც შეიძლება მეტი მოქალაქე, რათა თავიდან ავირიდოთ ის რისკები, რაც პანდემიის ფართო გავრცელებას მოჰყვება“, – აღნიშნა გიორგი კაკაურიძემ.
ამასთან, კაკაურიძის თქმით, სამწუხაროა, რომ ოპოზიციის ნაწილმა საერთოდ არ მიიღო განხილვაში მონაწილეობა, ნაწილმა კი მხარი არ დაუჭირა პროექტს, რომელიც საბოლოო ჯამში ემსახურება ერთი მხრივ პანდემიის ეფექტურ მმართვას, ხოლო მეორე მხრივ ეკონომიკაში პანდემიის შედეგად გამოწვეული დანაკარგის სწრაფად აღდგენას.
რაც შეეხება კითხვას, „ოპოზიცია არჩევნებზე მორგებულს უწოდებს ბიუჯეტის ცვლილებებს და აცხადებს, რომ გამოწვევებს ვერ პასუხობს“, – გიორგი კაკაურიძის განცხადებით, ბიუჯეტის საარჩევნო მიმართულებებზე გადანაწილებაზე საუბარი აბსურდულია.
„446 მილიონი ლარი ემატება მხოლოდ ჯანდაცვის ხარჯებს და თუ ვინმე იტყვის, რომ ეს თანხები არ არის საჭირო, ნამდვილად არ შევალ ამ დებატებში, ვინაიდან ნათელია, თუ რაოდენ საჭიროა ჯანდაცვის ხარჯები. 2 ათასს გასცდა დღეს ინფიცირების მაჩვენებელი და ამ ადამიანებს მკურნალობა და ვაქცინაციის კუთხით პრევენცია სჭირდება, რომ არ დაგვჭირდეს დამატებითი შეზღუდვები. შესაბამისად, ამ მიმართულებით თანხების ხარჯვა და ასევე ეკონომიკური აღდგენისთვის ხელშეწყობა კრიტიკულად მნიშვნელოვანია. თუ ამ თანხების ხარჯვას ვინმე წინასაარჩევნოდ გადანაწილებულ თანხებს ეძახის, ნამდვილად ცდება, ეს ამ თანხების ხარჯვის არასწორი ინტერპრეტირებაა“, – განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.