გიორგი კაკაურიძე - სოფლის მეურნეობის სამინისტროსთვის საკმაოდ დიდი თანხაა გათვალისწინებული, ეფექტიანად ხარჯვის შემთხვევაში, შედეგები წინა წლებზე კარგი იქნება
სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაფინანსების მიმართულებით დიდ ცვლილებებს არ ველოდები, რადგან იმის რესურსი არ არის, რომ ფული სხვა მიმართულებას მოაკლდეს და ამ მიმართულებაში გადავიდეს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ განუცხადა, რომელიც აგრარულ საკითხთა კომიტეტის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა, რომელმაც 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი კენჭისყრაზე არ დააყენა.
კაკაურიძის თქმით, დეპუტატების შენიშვნები არ მოუსმენია, კომიტეტის თავმჯდომარის ოთარ დანელიას პოზიცია მოისმინა, რომ მას სოფლის მეურნეობის მიმართულებით მეტი რესურსის გამოყოფა სურს.
„რეალურად, რესურსი არ არის და ვერ დავუშვებთ, რომ დეფიციტი გავზრდით, დამატებით სესხები ავიღოთ, რათა გარკვეული სუბსიდირების მოცულობები გაიზარდოს. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ფარგლებში საკმაოდ დიდი თანხაა გათვალისწინებული. მათი ეფექტიანად ხარჯვის შემთხვევაში, შედეგები კიდევ უფრო კარგი იქნება, ვიდრე წინა წლებში იყო. დიდ ცვლილებებს არ ველოდები, რადგან იმის რესურსი არ არის, რომ ფული სხვა მიმართულებას მოაკლდეს და ამ მიმართულებაში გადავიდეს. თუ პარლამენტი შეჯერდება, რომელი მიმართულებით არის შესაძლებელი თანხების შემცირება – პენსიების, განათლების დაფინანსების, თუ თავდაცვის დაფინანსების შემცირება, შიდა გადანაწილება შესაძლებელია, თუმცა არსებული პროექტი არის სამართლიანი გადანაწილება”, – განაცხადა კაკაურიძემ.