გიორგი კაკაურიძე - შესაბამის ტურისტულ ბაზრებზე სწორი კამპანიის წარმართვის მიზნით, ტურიზმის სააგენტოსთვის 10 მლნ ლარი გამოიყოფა
პანდემიის გამო ტურიზმი საკმაოდ დაზიანებული სფეროა. ჩვენ ვხედავთ შესაძლებლობას, რომ ტურიზმის მაჩვენებელი ეტაპობრივად გაიზარდოს, თუმცა წელს ჩვენ თუ არ დავიწყეთ შესაბამისი კამპანია მიზნობრივ ბაზრებზე, ძალიან რთული იქნება მომდევნო წლის პირველ ნახევარში ტურისტების მოზიდვა ჩვენს ქვეყანაში, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, შესაბამის ბაზრებზე სწორი კამპანიის წარმართვისთვის 10 მლნ ლარი გამოეყოფა ტურიზმის სააგენტოს, რაც შესაძლებელს გახდის, რომ შესაბამის ბაზრებზე ტურისტული კამპანია იყოს დაწყებული.
„პროგრამა „აწარმოე საქართველოს“ ფარგლებში ხდება 55 მლნ ლარის დამატება. ეს ითვალისწინებს როგორც სესხის პროცენტის სუბსიდირების ნაწილს, ასევე საკრედიტო-საგარანტიო სქემის მოქმედებას. ამასთან, ექსპორტის პოტენციალის მქონე სექტორებში შესაძლებელია მცირე ზომის გრანტების განხორციელება. გრანტების განხორციელება დაგეგმილია აგროტურიზმის მიმართულებითაც. გარდა ამისა, პანდემიის გამო ტურიზმი საკმაოდ დაზიანებული სფეროა. ჩვენ ვხედავთ შესაძლებლობას, რომ ტურიზმის მაჩვენებელი ეტაპობრივად გაიზარდოს, თუმცა წელს ჩვენ თუ არ დავიწყეთ შესაბამისი კამპანია მიზნობრივ ბაზრებზე, ძალიან რთული იქნება მომდევნო წლის პირველ ნახევარში ტურისტების მოზიდვა ჩვენს ქვეყანაში. იმისათვის, რომ შესაბამის ბაზრებზე სწორი კამპანია იყოს წარმართული, 10 მლნ ლარის გამოყოფა ხდება ტურიზმის სააგენტოსთვის და უკვე წელს იქნება შესაძლებელი, რომ შესაბამის ბაზრებზე ტურისტული კამპანია დაიწყოს“, – განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.