გიორგი კაკაურიძე - შეინიშნება ლარის კურსის სტაბილურობა, ვფიქრობთ, მომდევნო პერიოდში კურსთან მიმართებით რაიმე ზეწოლა არ უნდა იყოს
საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილის, გიორგი კაკაურიძის განცხადებით, სავალუტო ბაზარზე დღეს ლარის კურსის სტაბილურობა შეინიშნება. მისივე თქმით, წინასაარჩევნო, პოლიტიკური დაძაბულობა ლარის კურსზე გარკვეულ გავლენას ახდენს.
თუმცა, კაკაურიძის შეფასებით, მომდევნო პერიოდში ლარის კურსთან მიმართებით რაიმე ზეწოლა არ უნდა იყოს.
„სავალუტო ბაზარზე, ოფიციალური წყაროებიდან რასაც ვუყურებთ, დღეს შედარებით არის სიმშვიდე, შეინიშნება კურსის უფრო სტაბილურობა. რა თქმა უნდა, როდესაც არის წინასაარჩევნო, გარკვეული პოლიტიკური დაძაბულობა, ეს ლარის კურსზე გავლენას ახდენს. შესაძლებელია, მოთხოვნა გაჩნდეს ისეთი პირებისგან, რომლებსაც რეალურად იმ დროს არ სჭირდებათ თანხა, რაც ბაზარზე გარკვეულ დაძაბულობას იწვევს, თუმცა საშუალოვადიან პერიოდში, როგორც წესი, ეს დაძაბულობა ქრება ხოლმე. ამიტომ ვფიქრობთ, რომ მომდევნო პერიოდში ლარის კურსთან მიმართებით რაიმე ზეწოლა არ უნდა იყოს.
შესაბამისად, ეროვნული ბანკი მის ხელთ არსებული მონაცემებით რა მოცულობის ინტერვენციასაც გადაწყვეტს, კონკრეტული დღის კონკრეტულ საჭიროებებზე დაფუძნებით, თუ რა მოცულობის მოთხოვნაა ბაზარზე, და შესაბამისად, რომ არ შეიქმნას ბაზარზე პანიკური განწყობა, იღებს გადაწყვეტილებას ინტერვენციასთან დაკავშირებით. ჩვენ ეროვნულ ბანკს სრულად ვენდობით ამ მიმართულებით“, – განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.