გიორგი კაკაურიძე - სათანადო პირობების შემთხვევაში, ეკონომიკური ზრდის პროგნოზს გავზრდით, თუმცა 4,5 პროცენტი ამ ეტაპზე რეალისტურია  
გიორგი კაკაურიძე - სათანადო პირობების შემთხვევაში, ეკონომიკური ზრდის პროგნოზს გავზრდით, თუმცა 4,5 პროცენტი ამ ეტაპზე რეალისტურია  

საქართველოს ეკონომიკური ზრდის 4.5 პროცენტიანი პროგნოზი ძალიან რეალისტურია და უმჯობესია, კონსერვატიული დაგეგმვა გვქონდეს, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, მიმდინარე წლის ოქტომბრის მეორე ნახევარში საქართველოს კვლავ ეწვევა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისია და ეკონომიკური ზრდის ტემპებთან დაკავშირებით განხილვები შედგება.

„ოქტომბრის მეორე ნახევარში კიდევ ჩამოვა სავალუტო ფონდის მისია. მათთან ერთად გვექნება განხილვები, თუ რა მოლოდინები აქვთ ჩვენს სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში ეკონომიკური ზრდის ტემპებთან მიმართებაში და შესაბამისად, ამის მიხედვით მიიღება საბოლოო გადაწყვეტილება. თუ მოგვცემს სურათი საშუალებას, ეკონომიკური ზრდის უფრო მაღალი მაჩვენებელი დავგეგმოთ და ამ კუთხით რისკები არ იქნება, რა თქმა უნდა, გავზრდით ეკონომიკური ზრდის პროგნოზს, თუმცა, ამ ეტაპზე, ვფიქრობთ, 4,5 პროცენტი საკმაოდ რეალისტურია და სჯობს, შედარებით კონსერვატიული დაგეგმვა გვქონდეს“, – განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.

ფინანსთა მინისტრის მოადგილე საპარლამენტო კომიტეტებზე „საქართველოს 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონპროექტის, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული თანდართული მასალებისა და სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტის შესაბამისი ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტს“ წარადგენს.